პაპუნა მოსემღვდლიშვილი:''განსხვავებული ტიპის ჩემპიონატში მოვხვდი'' (ვიდეო)

ბელარუსის პრემიერლიგის გასულ მე-7 ტურში მოზირის ''სლავიამ'' შინ 6:2 დაამარცხა საფეხბურთო კლუბი ''მინსკი.''

გამარჯვებულთა შემადგენლობაში 22 წლის ქართველმა მცველმა პაპუნა მოსემღვდლიშვილმა დუბლი შეასრულა.

ქართველ ფეხბურთელს, რომელიც უცხოეთის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებს, MySports.Ge ბელარუსში დაუკავშირდა და რამდენიმე თემაზე ესაუბრა.

პაპუნა მოსემღვდლიშვილი: ''გასულ ტურში ორი გოლი გავიტანე, ძალიან გახარებული ვარ. ერთ მატჩში ორ გოლს ნამდვილად არ ველოდი.

მეტოქის შემადგენლობაში ქართველმა ვაკო გვილიამ ითამაშა, მას მატჩის შემდეგ შევხვდი და წარმატებები ვუსურვე, შემდგომში გავაგრძელებთ ურთიერთობას. მინდა აღვნიშნო, რომ გვილიამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გოლის გატანაც შეძლო.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, გუნდს კარგად შევეწყვე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ოფიციალურ მატჩებამდე ორთვენახევრის განმავლობაში გუნდთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი გავიარე, რაც ძალიან დამეხმარა გარემოსთან შეგუებაში.

ბელარუსის ჩემპიონატში რომან შონიას დახმარებით მოვხვდი. ფეხბურთის თამაში საფეხბურთო სკოლა ''შევარდენში'' დავიწყე, სადაც დირექტორის თანამდებობაზე რომან შონია მუშაობდა, იმ დროიდან მოყოლებული მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. მისი დახმარებით მოვხვდი ბოლნისის ''სიონში,'' ბელარუსშიც მან ჩამომიყვანა.

პაპუნა მოსემღვდლიშვილი მოზირის ''სლავიას' პროგრამის გარეკანზე



კლუბში მოსვლისას ყველამ იცოდა, რომ უთამაშებელი ვიყავი და ადაპტაციისთვის დრო მჭირდებოდა. ჩემთვის ძალიან სასარგებლო გამოდგა მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც ორთვენახევარი გაგრძელდა. ამ ხნის განავლობაში მოზირის ''სლავიას'' შემადგენლობაში 14 ამხანაგური მატჩი გავმართე, ეს შეხვედრები ძალიან დამეხმარა სასურველი ფორმის დასაბრუნებლად. ჩემპიონატს მაქსიმალურად მომზადებული შევხვდი.

საქართველოსთან შედარებით ბელარუსის ჩემპიონატი განსხვავებული ტიპისაა. მთავარი განსხვავება ფინანასებშია, ბელარუსის პრემიერლიგაში მეტი ფული ტრიალებს.

უცხოეთში წასვლამდე სეზონის პირველ ნახევარში ბოლნისის ''სიონში'' ვთამაშობდი, თუმცა სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა. მთავარ მწვრთნელს ჩემს მიმართ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა. ორი თვის უთამაშებელს საქართველოს თასის საპასუხო მატჩში მომცა თავის გამოჩენის საშუალება, ასეთ დროს რთულია შესაძლებლობების გამოვლენა.

მიუხედავად ამისა ''სიონთან'' კარგი მოგონებები მაკავშირებს.ლადო ბურდულმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, თუმცა შემდგომ ვითარება შეიცვალა და გუნდის დატოვება გადავწყვიტე.''


მოსემღვდლიშვილის პირველი გოლი - 0:20-დან.

მოსემღვდლიშვილის მეორე გოლი - 5:17-დან

 






22 წლის ცენტრალური მცველის სიმაღლე 193 სანტიმეტრია.2012-13 წლების სეზონში საქართველოს პირველი ლიგის კლუბ ''სასკოში'' თამაშობდა, გასული სეზონი ბოლნისის ''სიონში'' გაატარა, ასევე ბოლნისურ კლუბში გაატარა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი, ზამთარში კი კარიერა მოზირის ''სლავიაში'' განაგრძო, რომლის შემადგენლობაში ამდრომდე 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

7 ტურის შემდეგ 16 გუნდიან პრემიერლიგაში ქართველი ფეხბურთელის გუნდი 8 ქულით მე-10 ადგილზეა.

ასევე გეტყვით, რომ მოზირის ''სლავიას'' შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იაკობ აფხაზავა ირიცხება.

ნახეთ მეტი...