ვახო სანაიას ბლოგი #1 - მგზავრი ნისლიან ალბიონზე

რედაქციისგან: დღეს ევროპული საკლუბო ფეხბურთის სეზონის ერთერთი გადამწყვეტი მატჩი შვეიცარიაში უნდა გაიმართოს. ბაზელში დაგეგმილ თამაშს დიდი მოლოდინი ახლავს. ლივერპული, რომელსაც ევროპის მასშტაბით საკმაოდ ბევრი ერთგული გულშემატკივარი ჰყავს, უკვე დიდი ხანია ევროპულ ტიტულთან ასე ახლოს არ ყოფილა. შესაძლოა დღევანდელი ფინალი ამ გამორჩეული ინგლისური კლუბისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდეს. თასი სჭირდება - ლივერპულს, ემოციურ გულშემატკივარს, იურგენ კლოპს და ზოგადად ფეხბურთს, რომელსაც რეალური განცდების ნაკლებობა დასჩემდა ბოლო პერიოდში. დღეიდან, ჩვენს რედაქციას ახალი ავტორი შეემატა. ჟურნალისტი,რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს და პროფესიონალურ დონეზე მასთან საუბარი და იდეების გაცვლა ყოველთვის საინტერესოა. ვახო სანაიას პირველი ბლოგი ესპანურ-ინგლისურ ფინალზეა.

ლივერპული-სევილია.
18 მაისი, ბაზელი.

რა ძნელია, გერმანელმა ინგლისის მიწაზე ფეხი მოიკიდოს. თითქოს შეუძლებელიც. კლოპს რომ ვუყურებ, დესანტი მგონია მტრების გარემოცვაში. ჯერ ლივერპულის ფანობაც ვერ გარკვეულა, ვისთან აქვს საქმე – გენიალურ მწვრთნელთან თუ იღბლიან ცანცარასთან. თუ მისი ვერ ირწმუნეს, გააცამტვერებენ. ამიტომ ლივერპულში სასწრაფოდ სჭირდებათ საკენკი, რომლის ფუნქციაც ევროპა ლიგის მოგებამ უნდა შეასრულოს. ამას ყველაზე კარგად კლოპი ხვდება. მას ამოსუნთქვისთვის დრო სჭირდება, რომ შემდეგ უკეთ დაინახოს თავისი მომავალი ამ ქალაქში.

რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე, ლივერპული სულ ასეა – რაღაც ძველი დიდების შარავანდედი მოჰყვება, რომელიც უკვე ძალიან გაფერმკრთალდა. ხომ არ შეიძლება, ამდენი წელი პერსპექტიული, მაგრამ შეუმდგარი გრანდი იყო. ამ გაფერმკრთალებულ შარავანდედს ერთი-ორჯერ თუ გაამუქებ და ელვარებას შესძენ, არც ეს ნიშნავს ბევრს. ჯერ ერთი, იმ გადასარევ ქალაქში გამართული ის ფინალი სასწაული იყო და აბა, სასწაულებზე მსჯელობა რა ჩვენი საქმეა. დიდი გუნდი მაშინ ხარ, როცა ფილოსოფია გაქვს და ეს ფილოსოფია ამარცხებს სხვის ხედვას. რჩეული მაშინ ხდები, როცა ეპოქას ქმნი. მოკლედ, ბარსელონაზე ნაკლები არ უნდა იყო. ამბიცია მაინც უნდა გქონდეს ამაზე.

ინგლისში თუ ვინმე ეპოქას ქმნიდა, ფერგიუსონი იყო. ლივერპული კი ხშირად უიღბლო ვენგერის ჩრდილქვეშ ყოფნასაც კი სჯერდებოდა. მერე ჩელსიმაც გაიელვა. წლების წინ ლივერპულის შესახებ უცხოურ გამოცემას ვეცნობოდი, რომელსაც სათაურად ლივერპულელი ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერიდან ერთი ფრაზა ეწერა - Above us only sky (ჩვენ ზემოთ მხოლოდ ცაა). ახლა, წერის დროსაც, გამახსენდა ეს ფრაზა. შესანიშნავი სიტყვებია. ეს იმდროინდელი ჟურნალი იყო, როცა ლივერპულს სტამბოლში ლიგა ახალი მოგებული ჰქონდა. ავტორის მიერ ოსტატურად მისადაგებული ეს ფრაზა მაშინაც გადაჭარბებულად მეჩვენა. ახლა ხომ საერთოდ. ახლა ცა კი არა, პრემიერლიგაშიც კი ლესტერით დაწყებული ვესტ ჰემით დამთავრებული კლოპს მთელი შვიდი გუნდი აზის თავზე.



რა ფილოსოფიით მივიდა კლოპი ლივერპულში ? ამ შეკითხვაზე მე ჯერ პასუხი არა მაქვს. ეს ერთი. ახლა მეორე, ფილოსოფიას მიმდევრები სჭირდება ანუ პატარ-პატარა ფილოსოფოსები უშუალოდ მოედანზე. კოუტინიო, ბენტეკე, სტარიჯი და ძმანი მათნი რა ფილოსოფოსებიც არიან, კარგად ვხედავთ. იმის თქმა მსურს, რომ კლოპს ვარსკვლავები სჭირდება.



ლივერპულმა ფეხბურთელები უნდა შეიძინოს. შენ არასდროს იქნები მარტო – მღერიან ტრიბუნები, მაგრამ მე მეჩვენება, რომ კლოპი მარტოა. ერთია იქ ჩასვლა, სულ სხვაა დამკვიდრება იმ მიწაზე. კი, თითქოს ისე არ არის, როგორც იტალიაში - ზედიზედ წაგებული ორი თამაშის მერე რომ გაგრძნობინებენ, სახლში წასვლაზე ხომ არ დაფიქრდებოდიო. აქ მეტ დროს გაძლევენ თითქოს, მაგრამ მერე ცუდად გემშვიდობებიან. ნისლიანი ალბიონი მხოლოდ ბუნების მოვლენა არ არის. სიმბოლოცაა. რთულია ამ ნისლში გზის გაგნება. იმდენი მგზავრი გვინახავს უსახელოდ გაუჩინარებული. მგონი სულ უარყოფით რაღაცებს ვწერ, მაგრამ ცუდად არ გამიგოთ. ლივერპული დიდი გუნდია და ამიტომაც ვწერ ამდენს. მისგან აღმაფრენას ველოდებით. მე მინდა, რომ კლოპმა ახალი ეპოქა დაიწყოს. სევილიაზე რა გითხრათ ?! ეს ის შემთხვევაა, როცა მისგან მხოლოდ წაგებას ელოდებიან. როდემდე შეიძლება, სეზონის ბოლოს სულ გაღიმებულ უნაი ემერს ვუყურებდეთ!!! იურგენ,  გვანახეთ ეს კაცი დამწუხრებული.



ვახო სანაია

ნახეთ მეტი...