VIDEO EXCLUSIVE: “კაშია მთელი არნემის კაპიტანია” – ვაკო ყაზაიშვილი

თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბევრი ქვეყნის იმიჯის განმსაზღვრელია. ფიფას რეიტინგი, ლეგიონერი ფეხბურთელები, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული თამაშები – ეს ის თემებია, რომლებზეც ჩვენ უცხოელ კოლეგებთან მუდმივად ვსაუბრობ. ეროვნული ნაკრების შედეგს გარკვეულწილად ლეგიონერთა წარმატებულ კლუბებში თამაში განაპირობებს. სხვა ქვეყანაში ჟურნალისტის სტატუსით ჩასულს საფეხბურთო მატჩზე ყველაზე ხშირად ერთი შეკითხვა მესმის – რომელი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის გამორჩეულ კლუბში? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, არცთუ იოლია. გულახდილად რომ ვთქვათ, ხშირად ვპასუხობ არნემის „ვიტესს“ –  გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გამო. მართალია, ერედივიზიონი ევროპის ტოპ ლიგის სტატუს არ ატარებს, მაგრამ ევროპის მასშტაბით ნამდვილად გამორჩეულია, ქართველი ფეხბურთელებიც სტაბილურად სწორედ ამ კლუბში თამაშობენ.

ევროპული ტურნეს ჰოლანდიიდან დაწყების ერთერთი მიზეზი ეს ფაქტორიც გახდა. ჰოლანდიაში ორდღიანი სტუმრობის დროს შეთანმხმება შედგა საინტერესო პროექტზე, რომლის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას ჩვენი მკითხველი უახლოეს მომავალში მიიღებს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ერთს გეტყვით, MySports.ge რამდენიმე კვირაში ქართულ მედია სივრცეში უპრეცედენტო სიახლეს შემოგთავაზებთ. საუბარია მოქმედი ფეხბურთელის აქტიურ თანამშრომლობაზე მედია ორგანიზაციასთან.

დღევანდელი ჩვენი სტუმარი 22 წლის ვაკო ყაზაიშვილია, რომელმაც გასულ წელს „ვიტესის“ მაისურით 12 გოლი გაიტანა. მიმდინარე  ერედივიზიონში კი საუკეთესო ბომბარდირია 4 გატანილი გოლით. ყაზაიშვილმა სეზონის მეოთხე გოლი სწორედ აიაქსთან გაიტანა და საკუთარი კლუბი დააწინაურა, ეს მისთვის „აიაქსის“ კარში გატანილი ზედიზედ მესამე გოლი იყო. წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად ვაკოს გოლი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ქართველების კლუბი „აიაქსთან“ 1:3 დამარცხდა. ინტერვიუ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთან „ვიტესის“ სპორტულ ბაზაზე ჩავწერე, რომელიც ქალაქ არნემში ჰოლანდიის ოლიმპიური ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მიმდინარე სეზონი შენთვის გამორჩეულად კარგად მიდისთავის გამოჩენა როგორც ნაკრებში, ისე კლუბის შემადგენლობაშიმოახერხე. როგორ აფასებ განვლილ თამაშებს ჰოლანდიის ჩემპიონატში?

-მიმდინარე სეზონში თამაში წარუმატებლად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა გამოვასწორეთ. ყოველ წელს ვიტესში „ჩელსიდან“ რამდენიმე ფეხბურთელი მოდის იჯარით, გარდა ამისა სატრანსფერო პერიოდში ჩვენი გუნდიდან 3-4 გამორჩეული ფეხბურთელი წავიდა. ვფიქრობ შეთამაშება გვაკლია. მჯერა, სეზონის მეორე ნახევარში საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩენთ. ვფიქრობ, ამ შემადგენლობის გათვალისწინებით მიმდინარე სეზონში სამეულში მოხვედრა შეგვიძლია.

- „ვიტესში ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის მუდმივი კონკურენციაა. როგორ ფიქრობ, ბოლომდე დაიმკვიდრე თავი გუნდის შემადგენლობაში?

-წინა სეზონის დასაწყისში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ ვიყავი. საშუალოდ ორ თამაშში ერთხელ ვთამაშობდი. შემდეგ რამდენიმე მატჩში თავი გამოვიჩინე, გოლებიც გავიტანე და ძირითად შემადგენლობაშიც ნელ-ნელა თავი დავიმკვიდრე. კონკურენცია ახლაც დიდია, ერთ პოზიციაზე ორი და სამი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს. მითუმეტეს, როცა „ჩელსიდან“ მოსულ ფეხბურთელს უწევ კონკურენციას ადვილი არ არის. თითოეულ თამაშში გვიწევს დამტკიცება, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებ.

– აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბი გამოიცვალო. გქონდა თუ არასაინტერესო შემოთავაზება და თავად შენ თუ გსურს კლუბის დატოვება?

-საკუთარი შესაძლებლობების მჯერა და პრეტენზიაც მაქვს რომ უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდში ვითამაშო, მაგრამ დაინტერესებაზე ახლა ვერ ვისაუბრებ. ჩემი მთავარი მიზანი წინა სეზონში მიღწეული შედეგის გაუმჯობესებაა. გასულ წელს 12 გოლი გავიტანე, წელს კი მინდა ეს შედეგი გავაუმჯობესო და საგოლე პასების კომპონენტშიც გავზარდო მაჩვენებელი.

– თავად შენ სად ისურვებდი თამაშს?

-რა თქმა უნდა, მინდა ევროპის ტოპ ლიგებიდან ერთ-ერთში ვითამაშო. ინგლისში, გერმანიაში ან ესპანეთის ლა ლიგაში.

– მიმდინარე წელი შენთვის წარმატებული აღმოჩნდა სანაკრებო დონეზეც. ბევრი ფეხბურთელი კარიერას ისე ასრულებს გადამწყვეტ გოლს ვერ იტანს, შენ კი ეს შოტლანდიის ნაკრებთან პრინციპულ დაპირისპირებაში შეძელი. როგორ შეაფასებ ეროვნული ნაკრებისთამაშს 2015 წელს?

-ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელის ცვლილების შემდეგ სხვა სისტემით და ტაქტიკით ვთამაშობთ. რაც მთავარია ფეხბურთელებმა დავიჯერეთ, რომ ასეთი თამაშით წარმატების მიღწევა შეგვიძლია. რაც შეეხება შოტლანდიის ნაკრების კარში გატანილ გოლს, ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. პირველი ოფიციალური გოლი გავიტანე ეროვნული ნაკრების მაისურით და თანაც ნაკრებმა ჩემი გოლით მოიგო. მთავარია, რომ გულშემატკივარს ჩვენი პოტენციალი დავანახეთ და ჩვენც ვირწმუნეთ, რომ ბრძოლისა და სწორი თამაშის ხარჯზე ყველა გუნდთან თამაში შეიძლება.

– როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრებისთვის მაქსიმუმი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?

-ვფიქრობ გერმანიის ნაკრები დღეს მსოფლიოში საუკეთესოა. თუ ყველა გუნდთან ისე ვითამაშებთ, როგორც გერმანელებთან ბოლო მატჩში, დარწმუნებული ვარ შანსი ყველა გუნდთან გვექნება. დადებითი შედეგის მიღწევა უელსთანაც შეგვიძლია და ირლანდიასთანაც.

– “ვიტესის კაპიტანი გურამ კაშიაა. არის თუ არა ეს შენთვის დამატებითი სტიმული და პასუხისმგებლობა?

-კაშია არამარტო ჩემი და “ვიტესის”, არამედ მთლიანად არნემის კაპიტანია. გურამი აქ უკვე ლეგენდაა. კაშია ძალიან დიდი პროფესიონალია და მისგან თითქმის ყოველდღე ახალ რაღაცას ვსწავლობ. მისი  მადლიერი ვარ, რადგან აქ თავის დამკვიდრებაში ძალიან დამეხმარა.

 

ნახეთ მეტი...