გიორგი მარგველაშვილი ქართველ სპორტსმენებს - "როდესაც ხედავ, რომ გყავს, ასეთი უნარის, ნიჭის ადამიანები - იმედი გეუფლება"

ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სპორტსმენთა საცხოვრებელ სოფელს, საქართველოს პრეზიდენტი ესტუმრა. გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიური დელეგაციის წევრებს, მაკა ჩიჩუასთან ერთად შეხვდა. ქვეყნის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სპორტსმენებს მოახლოებულ თამაშებზე წარმატება უსურვეს და სპორტული კარიერისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ის, რაც შეგიძლიათ თქვენ მოუტანოთ ქვეყანას, ეს არ შეუძლია ძალიან ბევრ ადამიანს.
ის სიხარული, რაც გვეუფლება ჰიმნის აჟღერების დროს, ის აღტაცება და მომავლის იმედი, რომელიც გვიჩნდება გამარჯვებისას
ეს არ არის მარტო თქვენი განცდები, ეს არის ხვალინდელი დღის იმედის ჩასახვა თითოეულ ჩვენგანში.

ბევრი პრობლემა აქვს ქვეყანას, ბევრი მარცხიც განვიცადეთ, ბევრი ტკივილი მოგვადგა ბოლო 25 წლის განმავლობაში,მაგრამ თითოეულ ინიდივიდუალურ ქართველში არის წარმატების იმედი, რაღაცით უნდა ვუპასუხოთ ასეთ გამოწვევებს. როდესაც ხედავ, რომ გყავს, ასეთი უნარის, ნიჭის, ჯიშის ადამიანები - იმედი გეუფლება.

ბრაზილიაში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივ მედიას ვუთხარი,რომ ვართ პატარა ერი, მცირერიცხოვანი ძველი ერი და ამავე დროს, ვართ ნიჭიერი ერი, სხვას არ ვედრები, უბრალოდ მინდა, რომ გავუზიარო. სტატისტიკურად, რომ მივყვეთ, ასეთ პატარა ერს ჰყავდეს ამდენი ჩემპიონი და წარმატების მქონე ბევრი ადამიანი სხვადასხვა სფეროში ნამდვილად იშვიათია. ქვეყნის დროშის უკან დგას დიდი ძალა, ეს არის დღეს საქართველოს ლაშქარი, რომელიც ქვეყანას ინარჩუნებს,რომელიც მსოფლიო რუკაზე ნათლად აფიქსირებს, ამ ხალხით გვიცნობენ დღეს. ჩემი მეუღლე მიყვებოდა,რომ ერთერთ ბრაიზილიურ კაფეში,როდესაც ადგილობრივმა თანამშრომელმა შეიტყო,რომ საქართველოდან იყო, მაშინვე ჩვენი რაგბის ნაკრები გაახსენდათ. ასეთ დროს არავინ ახსენებს პოლიტიკოსებს, იმიტომ, რომ ჩვენი მორაგბეები არიან განსაკუთრებულები. თქვენს გვერდით ვდგავართ და მინდა,რომ ქართული ჰიმნით აღტაცება გამოიწვიოთ. ოლიმპიური წარმატება გამარჯვებაა,რომელსაც ვერასდროს წაშლით". ამ სიტყვით მიმართა სპორტსმენებს გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ოლიმპიურ სამოსთან დაკავშირებით გამოხატული სოლიდარობის გამო მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტს მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ და ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილმა სიტყვით მიმართეს და მხარდაჭერისთვის მადლობა უთხრეს. საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიანებით ოლიმპიელებთან ერთად ისადილა. გიორგი მარგველაშვილის გარდა, ოლიმპიურ სოფელს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები სტუმრობდნენ. საქართველოს პრეზიდენტის ოლიმპიურ სოფელში ვიზიტის დროს, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი პირი, ფრანსუა ოლანდიც იმყოფებოდა. ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ოლიმპიურ სოფელში შეხვდა.



საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი, დღეს, ადგილობრივით დროით, საღამოს 8 საათზე, მარაკანას სტადიონზე დაგეგმილ გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან.

ნახეთ მეტი...