პელე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას გამოტოვებს (ვიდეო)

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას ვერ დაესწრება. პელე მარაკანაზე დაგეგმილ ღონისძიებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოტოვებს. ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას, გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა უნდა მიეღო, თუმცა ბოლო ინფორმაციით ფეხბურთელი სტადიონზე მისვლას ვერ მოახერხებს. ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს პელეს დღეს მარაკანაზე. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა პელეს შემცვლელი რონალდინიო ან ფელიპე მასა იყოს. ორგანიზატორთა განცხადებით ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის მოტივი ეკოლოგია იქნება, რომელიც ბრაზილიურ მრავალფეროვან მუსიკასთან და კულტურასთან იქნება შერწყმული. 

გახსნის საზეიმო ცერემონიის ბიუჯეტი, მხოლოდ 5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით ცერემონია ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას, ბიუჯეტის მხრივ ათჯერ ჩამოუვარდება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით რიოს გახსნის ცერემონიის მასშტაბები პეკინისა და ლონდონისგან, მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.

უსაფრთხოების ზომები გახსნის ცერემონიის მთავარი საზრუნავია. ჯამში ოლიმპიურ თამაშებს 85 ათასზე მეტი პოლიციელი იცავს. მათი ძირითადი ნაწილი კი, დღეს მარაკანას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება მობილიზებული.

31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, თბილისი დროით ღამის 3 საათზე დაიწყება. შოუს ქრონომეტრაჟი 180 წუთი იქნება, რიოდან ღონისძიების რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ნახეთ მეტი...