ბასილაშვილის 133 წუთიანი ორთაბრძოლა რიოში (ფოტო)

ოლიმპიურ თამაშებზე, ქართული ჩოგბურთის ყველაზე რეიტინგული წარმომადგენლის დებიუტი უიღბლო აღმოჩნდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს წილისყრის შედეგად ურუგვაის საუკეთესო ჩოგბურთელი და მსოფლიო კლასიფიკაციის 21-ე ჩოგბურთელი შეხვდა. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური პარკის, მეოთხე კორტზე გამართული დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი აღმოჩნდა.  ქართველ ჩოგბურთელს განსაკუთრებული მონდომება ეტყობოდა და რიგ ეპიზოდებში საკმაოდ მაღალი კლასის თამაში აჩვენა. 24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 3:6 დათმო. მეორე სეტში ჩვენმა ჩოგბურთელმა საკმაოდ რთულ სიტუაციაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. რეიტინგის 109-ე ჩოგბურთელი მეორე სეტში ურუგვაელთან 3:5 აგებდა და საბოლოოდ ტაიბრეიკზე შეძლო გამარჯვება (10:8). აღსანიშნავია, რომ ურუგვაელ სპორტსმენს, ქართველ ჩოგბურთელთან სამჯერ ჰქონდა მატჩ-ბოლი. გადამწყვეტი მესამე სეტი სამხრეთ ამერიკელი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ შეხვედრა პაბლო კუევას გამარჯვებით 6:3,6:7,6:3 დასრულდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს  ტრიბუნიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წარმომადგენლები და ქართველი ჟურნალისტები ქომაგობდნენ. 30 წლის ურუგვაელი სპორტსმენი უკვე წლებია საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელია, კუევას მიმდინარე წელს 1 233 000 ათასი ამერიკული დოლარი აქვს გამომუშავებული, რაც თითქმის ცხრაჯერ აღემატება ქართველის მონაგარს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა MySports.ge-სთან ისაუბრა.
 
 
"ბოლო პერიოდში, უკვე აღარ მახსოვს  როდის ვითამაშე, რომ რაღაც პრობლემა არ მქონოდა კორტზე. ცოტა გვიან ჩამოვედი, მიჭირდა კორტზე მოძრაობა, უკმაყოფილო ვარ, შემეძლო უკეთესად მეთამაშა. იყო შესაძლებლობა, მესამე სეტში, რომ გამომეყენებინა შანსები და თამაში კარგად დამემთავრებინა.
ვვარჯიშობ ძალიან სერიოზულად, ვფიქრობ, რომ მალე ძალიან კარგად ვითამაშებ, ფსიქოლოგიურად ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში, გავიხსნები მალე და უკეთესი შედეგები იქნება, საუკეთესო მდგომარეობაში არ ვიყავი დღეს, მაგრამ შემეძლო ამ თამაშის მოგება. მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს და მომავალში ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ".













ნახეთ მეტი...