რიო 2016 - "მიზნისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ არ გამოვიდა"... ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანის მეშვეობით მოიპოვა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო ორთაბრძოლები და ფინალშიც დამსახურებულად გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველის მეტოქე 21 წლის მაშუ ბეიკერი აღმოჩნდა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, იაპონელი ძიუდოისტი 2015 წელს, სამი გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. კარიერაში მთავარი ჯილდო კი ვარლამ ლიპარტელიანის დამარცხებით მოიპოვა. იაპონელმა ქართველ ძიუდოისტს იუკოთი მოუგო და რიოს ტრიუმფატორი გახდა. ვარლამ ლიპარტელიანისთვის 10 აგვისტოს მოპოვებული ვერცხლი, მის კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალია.
 როგორც ტელე მაყურებელმა იხილა, ქართველი სპორტსმენისთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა ფინალში წაგება და ვერცხლის მოგება. ვარლამ ლიპარტელიანი წონით კატეგორიაში ერთერთი მთავარი ფავორიტი იყო და ოქროს მედლის მოპოვების რეალური კანდიდატი.

საჭიდაო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, 27 წლის სპორტსმენი საკმაოდ ემოციური იყო და მედიასთან მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა.

"დიდი სურვილი მქონდა ოლიმპიური ჩემპიონობის. მიზნისთვის ყველაფერს ვაკეთებდი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გამოვიდა. ძალიან გული მწყდება, მითუმეტეს გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც ავთანდილი ჭრიკიშვილი მედლის გარეშე დარჩა. მინდა განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს გადავუხადო, ვისაც სჯეროდა ჩემი და მგულშემატკივრობდნენ. მადლობას ყველა ქომაგს"...განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა MySports.ge-სთან საუბარში.

ვარლამ ლიპარტელიანის მიერ ნაჩვენები შედეგით, საქართველოს ნაკრები რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. ამ დროისთვის საქართველოს ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს. რიოს ოლიმპიური თამაშების  რეიტინგი ასეთი გახლავთ.

1. აშშ       11 ოქრო  11 ვერცხლი  10 ბრინჯაო  სულ 32
2. ჩინეთი   10 ოქრო   5 ვერცხლი   8 ბრინჯაო   სულ 23
3. იაპონია   6 ოქრო   1 ვერცხლი  11 ბრინჯაო  სულ 18
35. საქართველო        1 ვერცხლი   1 ბრინჯაო   სულ 2

P.S. ამ დროისთვის, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, მედლის მოპოვება მხოლოდ 45 ქვეყნის წარმომადგენელმა შეძლო.

ნახეთ მეტი...