ნიკა კვეკვესკირი: "ბოლომდე დავიხარჯებით ჩვენი ქვეყნის სახელის დასაცავად"

5 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ავსტრიის ნაკრებთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩისთვის 29 აგვისტოდან თბილისის ზღვაზე ემზადება. მთავარი მწვრთენლის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთა შორისაა "გაბალას" ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი, რომელიც აზერბაიჯანულ კლუბთან ერთად სეზონის წარმატებული სტარტის შემდეგ ახლა უკვე ეროვნულ გუნდთან იმედოვნებს დადებითი შედეგის მიღწევას და MySports.Ge-სთან საუბარიც სწორედ ამ თემით დაიწყო. 

ნიკა კვეკვესკირი: 
"გუნდში არის გარკვეული პრობლემები, გვაქვს დანაკლისი, თუმცა ეს განწყობას არ აქვეითებს. პირიქით, გვინდა, რომ ჩვენი წამყვანი მოთამაშეები, რომლებიც ვერ დაგვეხამრებიან, ღირსეულად შევცვალოთ. ახალ შესარჩევ ციკლს საშინაო შეხვედრით ვიწყებთ და მნიშვნელოვანია დადებითი შედეგის ჩვენება, რისთვისაც ბოლომდე დავიხარჯებით. გვაქვს გულშემატკივრების დიდი იმედი. მათი მხარდაჭერა აუცილებლად დაგვჭირდება. ავსტრიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან მე-12 მოთამაშე ნამდვილად არ გვაწყენდა. 

- რა არის ჩვენი მეტოქის ძლიერი მხარე და რას დაუპირისპირებს საქართველოს ნაკრები ავსტრიას? 

- გვაქვს თეორიული განხილვები, რომელზეც მწვრთნელი დეტალურად არჩევს მეტოქეს და მის სახიფათო ფეხბურთელებს. ვიცით მათი ძლიერი და სუსტი წერტილებიც და ვეცდებით, რომ ეს ინფორმაცია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. 

- უკანასკნელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია. ასეთი დიდი გამარჯვების შემდეგ პირველ საშინაო შეხვედრას ატარებთ და გულშემატკივრების მოლოდინიც განსაკუთრებულია...

- ესპანეთთან ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი დავამარცხეთ გასვლაზე და ეს შემთხვევითობა არ არის. ამ გამარჯვებაში დიდი შრომა იყო ჩადებული, როგორც თამაშამდე, ასევე უშუალოდ მოედანზე. მთავარია, რომ ეს გამარჯვება არ იყოს ერთჯერადი და მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ. კარგი იქნება, თუ ეს გამარჯვება იქნება საწინდარი იმ გუნდის მშენებლობისა, რასაც ჩვენი ახალი მთავარი მწვრთნელი აპირებს. ესპანეთის დამარცხებამ გუნდში კარგი განწყობა შექმნა და ეს აუცილებლად დაგვეხამრება ავსტრიასთან შეხვედრაში. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის ბრძოლას და თავდადებას მოითხოვს სტადიონზე და ამ მხრივ ნაკრებში პრობლემა არ იქნება. ბოლომდე დავიხარჯებით თითოეულ სათამაშო ეპიზოდში ჩვენი ქვეყნის სახელის დასაცავად. ბრძოლას საფეხბურთო ელემენტებიც დაემატება და იმედი მაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ. 



- ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით ნაკრები მეხუთე მატჩს გამართავს. რა შეიცვალა ეროვნულ გუნდში ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგს და რას აქცევს ვაისი ყველაზე დიდ ყურადღებას? 

- ჩვენს ნაკრებს ტექნიკურ ხარისხი ყოველთვის ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელების მთავარი მინუსი კი ის არის, რომ რთულად ვექცევით გარკვეულ ჩარჩოებში. გვიყვარს ზედმეტი ინდივიდუალიზმი, ზედმეტი ამბიციებიც გვაქვს, ევროპულ ფეხბურთში კი ამ მიდგომით რთულია. თანამედროვე ფეხბურთში ჩვენნაირი პატარა ნაკრებებისთვის დიდ გამარჯვებებზე ფიქრი მხოლოდ ტაქტიკურ მონახაზში ჩაჯდომით და ერთ მექანიზმში მუშაობით შეიძლება. მწვრთნელიც სწორედ ამას ცდილობს, რომ ჩვენი პლიუსი და ინდივიდუალური სიძლიერე შეტევაში გამოიყენოს, მოგვცეს მეტი თავისუფლება, ხოლო დაცვაში კი მთელი გუნდი ორგანიზებულად ათამაშოს ისე, როგორც ამას თანამედროვე ფეხბურთი მოითხოვს. 

- მიმდინარე სეზონი შენთვის ახალ გუნდში დაიწყო. "გაბალასთან" ერთად "სამტრედიასთან" გამარჯვებით დაწყებული ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლიეთ და ჯგუფურ ეტაპზე მოხვდით. 

- "გაბალაში" ჩემი გადასვლის მიზეზი ევროპა ლიგაზე თამაში და ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იყო, სადაც თავის გამოჩენას ვგეგმავთ. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლა ჩვენთვის დასაწყისია, ნამდვილი ფეხბურთი კი ახლა იწყება. მიუხედავად იმისა, რომ აუტსაიდერებად ვითვლებით, ვეცდებით, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძოლოთ. ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი და ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ მეტოქეებს. ჩემთვის ძალიან რთული იყო "სამტრედიასთან" თამაში, რადგან ჩემს მეგობრებს ვუპირისპირდებოდი. იმ დღეს ჩემი ოჯახის გარდა საქართველოში ყველა "სამტრედიას" გულშემატკივრობდა. იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, ჩემი ოჯახი მე მგულშემატკივორბდა თუ "სამტრედიას". გაორებული გრძნობა დამეუფლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ გუნდს ბევრად მეტი შეეძლო, სათანადო გამოცდილება რომ ჰქონოდა. შემდეგ "ლილი" გამოვთიშეთ და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია მოვახდინეთ, რამაც თავდაჯერება შეგვმატა და "მარიბორის" დამარცხება შევძელით. 

- იყო საუბარი "გაბალაში" ბუდუ ზივზივაძის გადასვლასთან დაკავშირებით. რამდენად რეალურია აღნიშნული ტრანსფერი?

-
 ზივზივაძის "გაბალაში" ტრანსფერით მეც დაინტერესებული ვიყავი, რადგან ბუდუ ჩემი მეგობარია. ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელია და დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩვენთან გადმოსულიყო. ჩემი ინფორმაციით, დაინტერესება გუნდის მხრიდან დიდი იყო, მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, თუმცა წარუმატებლად დასრულდა და "გაბალამ" სხვა ფორვარდი დაიმატა. კონკრეტულად რა საკითხში ვერ მოხდა შეთანხმება ზივზივაძესა და "გაბალას" შორის, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით.  

ნახეთ მეტი...