რიო 2016: ქართველი პარალიმპელების გამოსვლის განრიგი (ვიდეო)

8-17 სექტემბერს რიოში პარალიმპური თამაშები სპორტის 23 სახეობაში გაიმართება. რიოს პარალიმპური თამაშების ლიცენზია ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა მოიპოვა, ამათგან მედლის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს (90 კგ) ექნება, რომელიც ბრაზილიაში ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა. გოგოჭური ტატამზე 10 სექტემბერს გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მე-1/4 ფინალიდან დაიწყებს, რადგან განთესილია და პირველ წრეში ჭიდაობა არ უწევს.

საინტერესოა, რომ საქართველოს პარალიმპური დელეგაცია ასეთი მასშტაბური ოლიმპიურ თამაშებზე არასდროს ყოფილა. საქართველოს პარალიმპური დელეგაცია პირველად 2008 წლის პეკინის თამაშებზე გამოვიდა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი - იაგო გორგოძე ასპარეზობდა, რომელმაც ძალოსნობაში მე-8 ადგილი დაიკავა.

პარალიმპური თამაშების ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ პირველი შშმ პირთა საერთაშორისო შეჯიბრი 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა, სადაც რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. 1989 წლიდან ჩამოყალიბდა საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი.

დღესდღეობით კომიტეტის შემადგენლობაში შედის 177 ქვეყნის ეროვნული პარალიმპური კომიტეტი და 9 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია. პარალიმპელები მონაწილეობენ ზაფხულის და ზამთრის 31 სპორტულ დისციპლინაში. მათ შორისაა: მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ძალოსნობა (წოლჭიმი), ველოსპორტი, ეტლით კალათბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ჰოკეი, ეტლით ფარიკაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახეობები.

ქართველი პარალიმპელების გამოსვლის განრიგი

ვანო წიკლაური - პარამშვილდოსნობა (10 სექტემბერი, 15:00 საათი)
ზვიად გოგოჭური  - პარაძიუდო (10 სექტემბერი, 10:00 საათი)
აკაკი ჯინჭარაძე  - წოლჭიმი; შტანგა (13 სექტემბერი,16:00 საათი)
ლია ჩაჩიბაია  - პარაცურვა (14 სექტემბერი, 09:30 საათი)
ირმა ხეცურიანი  - ეტლით ფარიკაობა (14 სექტემბერი, 09:00 საათი)

 

ნახეთ მეტი...