რანიერის ემოციური წერილი: გუშინ ჩემი ოცნება მოკლეს

"ლესტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ კლუბთან გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა. 

ემოციურ წერილში იტალიელმა სპეციალისტმა "ლესტერთან" ერთად ჩემპიონობის გაზიარებისთვის გულშემატკივრებს და კლუბის წევრებს მადლობა გადაუხადა.

კლაუდიო რანიერი: "გუშინ ჩემი ოცნება მოკვდა.

გასული სეზონის ეიფორიისა და პრემიერ ლიგის ჩემპიონობის შემდეგ, ვოცნებობდი, "ლესტერში" დავრჩენილიყავი, კლუბში, რომელიც სამუდამოდ მეყვარება. სამწუხაროდ ეს აღარ გამოვა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, როსანას და მთელს ჩემს ოჯახს, ლესტერში გატარებული პერიოდის განმავლობაში მათი დაუღალავი თანადგომისთვის. მადლობა პაოლოსა და ანდრეას, რომელებმაც ეს არაჩვეულებრივი გზა ჩემთან ერთად გაიარეს. მადლობა ჩემს აგენტებს, სტივ კუტნერსა და ფრანკო გრანელოს, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა გავმხდარიყავი ჩემპიონი. ყველაზე მეტად მადლობა მინდა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ ლესტერს. ეს არაჩვეულებრივი თავგადასავალი ჩემთან ერთად სამუდამოდ იცოცხლებს. მადლობა ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს არაჩვეულებრივი საფეხბურთო ისტორია სიამოვნებით გააშუქეს. ჩემი გულწრფელი მადლობა კლუბის ყველა წევრს, ფეხბურთელებს, თანამშრომლებს, ყველას, ვინც აქ იყო და მონაწილეობა მიიღო ჩვენს წარმატებაში. მაგრამ ყველაზე მეტად მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. თქვენ გული გამიხსენით და შემიყვარეთ პირველივე დღიდან, მეც მიყვარხართ თქვენ. ვერავინ წაგვართმევს იმას, რასაც მივაღწიეთ და იმედი მაქვს, ამ ყველაფერს ღიმილით გაიხსენებთ, ისევე როგორც მე. ეს იყო განმაცვიფრებელი და უბედნიერესი  დრო და მე მას ვერასდროს დავივიწყებ. დიდი პატივი და სიამოვნება იყო თქვენთან, ყველასთან ერთად ჩემპიონობა".

შეგასენებთ, რომ პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, "ლესტერმა" მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი გუშინ, 23 თებერვალს დაითხოვა. გასული წლის მაისში მოპოვებული მოულოდნელი ჩემპიონობის შემდეგ, მიმდინარე სეზონში "ლესტერი" გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. იტალიელი სპეციალისტის უკანასკნელი შეხვედრა "ლესტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური შეხვედრა იყო, რომელშიც მისი გუნდი "სევილიასთან" სტუმრად 1:2 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

"ლესტერს" პრემიერლიგის თასი გადასცეს

"ლესტერმა" კლაუდიო რანიერი დაითხოვა

რანიერის ემოციური წერილი: გუშინ ჩემი ოცნება მოკლეს

ნახეთ მეტი...