სპორტის სამინისტროს შენობაში ტირის ახალი დარბაზი გაიხსნა

15 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა განახლებული ნინო სალუქვაძის ტირი, რომელსაც დაემატა ახალი სასროლეთი. ღონისძიებას დაესწრო მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ოლიმპიური კომიტეტის და სროლის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით და სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი კახა სიხარულიძე.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი სასროლეთი დამოუკიდებლობის შემდეგ, რომელიც თბილისში გაიხსნა და მხოლოდ მეორე დარბაზი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ დრომდე რეგიონებში სასროლეთი თელავს შეემატა. ახალი დარბაზი სროლის სახეობათა ფედერაციას მთავრობის დადგენილებით 10 წლის ვადით გადაეცა. შედეგად, ნინო სალუქვაძის ტირი და ახალი დარბაზი გაერთიანდა და შეიქმნა საერთო სივრცე, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები ბევრად კომფორტულ პირობებში ივარჯიშებენ.

ძველ ტირში განთავსებულ 10 სასროლეთ ადგილს, საიდანაც 5-25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სასროლეთია და 5-იც 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეთით, ახალი ფართის დახმარებით დაემატა 12 პნევმატური პისტოლეტით 10 მეტრიდან სასროლი ადგილი, რაც ფედერაციას საშუალებას აძლევს გაცილებით მეტი სპორტსმენი მოამზადოს. ახალი დარბაზი მთავრობისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. მთლიანობაში კეთილმოეწყო როგორც ძველი, ასევე ახალი დარბაზი. ეს ყველაფერი ფედერაციას ნაკრების წევრების სრულფასოვნად მომზადების გარდა, საშუალებას აძლევს მცირე მასშტაბის საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლოს. დაბაზის გახნის შემდეგ  სპორტულ ჟურნალისტებს პნევმატური პისტოლეტით სროლის საშუალება მიეცა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:“ ეს არის მთავრობის მორიგი საჩუქარი. სასიხარულოა, რომ ინიციატივა ფედერაციისგან მოდიოდა. წლების განმავლობაში პრობლემა გადაუჭრელი იყო, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთება შევძელით. აქ გაიზრდებიან მომავალი ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები. სასიამოვნოა რომ თაობების ოცნება ასრულდა. მთავრობის და ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით, ფედერაციის სწორი მენეჯმენტის და სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტი შეგვემატა, სადაც ჩვენი ტყვიის მსროლელები, ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრების წევრები გაცილებით კომფორტულ პირობებში ივარჯიშებენ. ამასთან, ფედერაციას საშუალება ექნება დარბაზში ბევრად მეტი ახალგაზრდა მიიღოს და მოამზადოს. ეს კი თავის მხრივ მასობრიობის გაზრდას უზრუნველყოფს, რაც სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ასევე, სამინისტროს უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რისი დასტურიც დღევანდელი დღეა. ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ ამ კუთხით და მაქსიმალურად დავეხმარებით სპორტულ ფედერაციებს, რათა გადავჭრათ ინფრასტრუქტურული პრობლემები და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი თაობის, მომავალი ჩემპიონების აღზრდას“.

ნახეთ მეტი...