VIDEO EXCLUSIVE - კაპიტანი, სტუდენტი და ბლოგერი გურამ კაშია

ჰოლანდიის ერედივიზიონი ქართველი ქომაგების ინტერესის სფეროში განსაკუთრებით  90-იანი წლების ბოლოდან მოექცა. შოთა და აჩი არველაძებიის წარმატებულ კარიერას „აიაქსსა“ და „ბრედაში“, გიორგი გახოკიძის „ეინდჰოვენი“ და „ტვენტე“ მოჰყვა. ჰოლანდიის უმაღლეს ლიგაში 90-იანი წლების გამორჩეულმა ქართველმა ფეხბურთელებმა გიორგი დემეტრაძემ („ფეინოორდი“) და გიორგი ქინქლაძემაც („აიაქსი“) ითამაშეს, თუმცა  ერედივიზიონში მათი მატჩების რაოდენობა ორ ათეულ შეხვედრას არ აღემატება. 2010 წელს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჰოლანდიაში საქართველოს ჩემპიონატიდან ტრანსფერი განხორციელდა. „დინამო თბილისის“ მცველი გურამ კაშია  არნემის „ვიტესის“ მოთამაშე გახდა. დღეს, გურამ კაშია ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც სხვა ქვეყნის ლიგაში კაპიტნის სამკლაურით თამაშობს.  ეროვნული ნაკრების წევრმა ჰოლანდიაში უკვე 150-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. გურამ კაშიას ევროპული კარიერა პატარა ჰოლანდიურ ქალაქში დაიწყო, რომელმაც სპორტსმენს აღიარებასთან ერთად  ევროპული მენტალიტეტი მოუტანა. 28 წლის გურამ კაშიამ ოქტომბერში „ვიტესთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, იოჰან კრუიფის აკადემიის კურსდამთავრებულია და  საფეხბურთო მენეჯმენტის სწავლას კვლავ აგრძელებს. არ სარგებლობს სოციალური ქსელით და თავისუფალ დროს საფეხბურთო განათლებას უთმობს. გურამ კაშია, მომავალი კვირიდან ჩვენი ვებ გვერდის  მკითხველს უკვე ავტორად მოევლინება.  ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც სპორტულ გამოცემასთან ითანამშრომლებს და ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს. ამ პროექტის დეტალებს ჩვენი მკითხელი მომავალ კვირას გაეცნობა. დღეს  ჩვენი ვებგვერდი, სანაკრებო მატჩებამდე, ქალაქ არნემში ჩაწერილ გურამ კაშიას ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ.

 

საფეხბურთო კლუბი „ვიტესი“

ჩვენი გუნდის სტრატეგია ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდაა. შემდეგ ფეხბურთელებს, რომლებიც უკვე მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არიან უცხოურ კლუბებში ყიდიან. მაგრამ თუ ამ სეზონში გუნდის ბირთვს შევინარჩუნებთ, შეგვიძლია რომ მომდევნო წელს ევროპის ლიგის ჯგუფში მოსახვედრად, ან მეორე ადგილზე გასასვლელად ვიბრძოლოთ. ყოველ წელს თითქმის ახალი გუნდით ვიწყებთ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას, ცხადია ასე რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა ძნელია. გარდა ამისა „ვიტესს“ არ აქვს მარტივი სათამაშო სისტემა და მისი ათვისება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ადვილი არ არის. ყველაფერს დრო და გამოცდილება სჭირდება. წელს ლონდონის „ჩელსიდან“ ორი ფეხბურთელი დავიმატეთ, გარდა ამისა გუნდში გვყავს ვაკოც. ვფიქრობ ამ ფეხბურთელების შენარჩუნების შემთხვევაში მაღალი მიზნებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ.

უკვე მე-5 წელია ვიტესშითამაშობ, ამ დროის მანძილზე კლუბი ბევრმა მოთამაშემ დატოვა. ალბათ დიდი სტიმულია უცხო ქვეყნის გუნდში კაპიტნობა, მაგრამ სხვა რა ფაქტორებმა განაპირობა,  კიდევ 5 წლით კლუბში დარჩენა?

მე და ჩემი ოჯახი არნემში თავს კომფორტულად ვგრძნობთ. კლუბში მომუშავე ადამიანებისა და გულშემატკივრისგან პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობ. კლუბში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე აზრს მეკითხებიან და თავს ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ვგრძნობ. ფეხბურთელისთვის ამ ყველაფრის მიღწევა ძალიან რთულია და ვთვლი, რომ რასაც „ვიტესში“ მივაღწიე, ეს წარმატებაა. არც ერთი ფეხბურთელისთვის არ არის იოლი, კლუბში ასეთ პოზიციაზე დააყენოს საკუთარი თავი. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება თურქეთის, რუსეთისა და ბელგიის ჩემპიონატებიდან, მაგრამ ვერცერთ ამ ლიგას ჰოლანდიის ერედივიზონში ვერ გავცვლიდი. ეს ჩემპიონატები დაახლოებით იმ დონისაა, რა დონისაც ჰოლანდიის ერედივიზიონი. შესაბამისად იქ გადასვლის შემდეგ ყველაფერი თავიდან უნდა დამემტკიცებინა და იგივე პოზიციას, რაც „ვიტესში“ მაქვს მაინც ვერ მოვიპოვებდი.

ვინ იყო ვიტესშისაუკეთესო მოთამაშე, ვისთანაც ამ 5 წლის მანძილზე ითამაშე და ვინ იყო ისეთი, ვისაც ბევრის მიღწევა შეეძლო, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა?

ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობდა „ვიტესში“, ვინც შემდეგ სხვადასხვა ევროპულ ტოპ ჩემპიონატში გადავიდა. ჩემი აზრით, ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ პრემიერლიგაში ითამაშებს, ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა. დღევანდელ ფეხბურთში პრემიერლიგა ყველაზე მაღალი დონის და რთულად სათამაშო ტურნირია. კონკრეტული ფეხბურთელების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ვან გინკელმა და მე ერთად ოთხი წელი ვითამაშეთ, შემდეგ „ჩელსიში“ და „მილანში“ ითამაშა, ახლა კი „სტოკ სიტიშია“. ერთ-ერთი საუკეთესო იყო ნემანია მატიჩი, რომელმაც „ვიტესში“ ერთი წელი ითამაშა, შემდეგ კი პრემირლიგა ისე მოიგო, სეზონის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. ასევე ვილფრედ ბონი, არის კიდევ რამდენიმე გარმოჩეული ფეხბურთელი, მაგრამ ყველას დასახელება გამიჭირდება.

ახალგაზრდებისთვის „ვიტესი“ და ჰოლანდიის ჩემპიონატი განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. აქ სწავლობ სათამაშო სისტემას, რომლის მიხედვით უკვე იცი როგორ გადაადგილდე მოედანზე და როგორ მოიქცე კონკრეტულ მომენტებში. ამ დეტალებს ჰოლანდიელი მწვრთნელები ყოველი თამაშის შემდეგ დაწვრილებით არჩევენ და აანალიზებენ. ამიტომაც არის, რომ ევროპის ტოპ ჩემპიონატებში არაერთი გამორჩეული ჰოლანდიელი ფეხბურთელი თამაშობს.

ხანგრძლივი ჰოლანდიური კარიერის პარალელურად, წლებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობ. ერედივიზიონში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, რა გზით უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი?

ქართულ ფეხბურთის განვითარება ყველა მიმართულებით სჭირდება. პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის პროფესიონალიზმი, შემდეგ კი ეს საქმეში გამოვიყენოთ. საჭიროა, უფრო მეტი მაღალი ხარისხის ფეხბურთელი, რომელსაც მონდომება და პროფესიონალიზმი ექნება. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ხშირად მოვუსმინოთ ადამიანებს, ვინც ჩვენზე მეტი იცის. პროფესიონალიზმი მხოლოდ ის არ არის, რომ ღამე ადრე დაიძინო და გასართობად არ წახვიდე. დღესღეობით არის იმის საშუალება, რომ ყოველდღე რაღაც ახალი ისწავლო, მითუმეტეს ფეხბურთში, რადგან სპორტის ეს სახეობა ყოველდღიურად ვითარდება.

სწრაფად განვითარება კი ძალიან ძნელია. შეიცვალა ხელმძღვანელობა და უნდა გავიდეთ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე - ეს პოზიცია არასწორი მგონია. ამ ყველაფერს 5-6 წლიანი შრომა და განვითარება სჭირდება. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა მიიღონ გამოცდილება საერთაშორისო მატჩებში. ქართულ ფეხბურთს ყველა კომპონენტში სჭირდება წინსვლა, დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული გულშემატკივრით.

სანაკრებო თამაშები ბევრად განსახვავებული და მაღალი დონეა, ვიდრე საკლუბო. სანაკრებო დონეზე ყველა გუნდს შეუძლია ერთმანეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. რაც ჰოლანდიას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაემართა, ამის ნათელი მაგალითია. ჰოლანდიელები დამარცხდნენ ისეთ ნაკრებებთან, რომელთაგანაც წინააღმდეგობის გაწევას არავინ ელოდა.

ჩვენ უნდა ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები და ვეცადოთ, რომ მაღალი დონის ნაკრებებს წინააღმდეგობა გავუწიოთ. კახა ცხადაძის ნაკრებში მოსვლის შემდეგ უფრო გამართულ ფეხბურთს ვთამაშობთ. გვინდა ბურთი უფრო მეტად ჩვენ გვქონდეს და ეს მეტნაკლებად გამოგვდის კიდეც. ამ სისტემას უფრო თუ დავამუშავებთ და ეტაპობრივად მოვუმატებთ, მომავალ ციკლში ავსტრიისა და უელსის ნაკრებებთან კარგად თამაშს შევძლებთ. გარდა ამისა, როცა ასეთ დონეზე თამაშობ, უნდა გაგიმართლოს კიდეც.

იძლევა თუ არა ეროვნული ნაკრების თამაში იმის თქმის საფუძველს, რომ მომდევნო შესარჩევი ციკლი უკეთეს პოზიციაზე დავასრულოთ?

ვფიქრობ, ჩვენი თამაშიდან გამომდინარე ამის თქმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. დარწმუნებული ვარ იგივე ავსტრიისა და უელსის ნაკრებებთან თბილისში გოლის გატანასაც შევძლებთ და მათ სათანადო წინააღმდეგობასაც გავუწევთ. მთავარია, რომ ამის გვჯეროდეს. მწვრთნელს უნდა დავუჯეროთ და ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობების უნდა ვირწმუნოთ. მთავარია შედეგზე ვიფიქროთ და თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ.

დღეს მცირეა იმ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა, ვინც ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატში მაღალ დონეზე თამაშობს. შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, პირველ რიგში რის გათვალისწინებას ურჩევდი მათ?

ვცდილობ, ყოველდღე მაქსიმალურად ვიშრომო და პროფესიონალიზმი შევინარჩუნო. პროფესიონალიზმი მხოლოდ ის არ არის, რომ გარკვეულ საათზე ჭამო და სწორად იკვებო. მოედანზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად მუდმივად ფორმაში ყოფნა და ორგანიზმისთვის მიხედვაა საჭირო. მთლიანობაში პროფესიონალიზმი ბევრ რამეს მოიცავს. ფეხბურთელებმა საკუთარ თავს მაქსიმუმი უნდა მოსთხოვონ. დღეს ყველაფრის გაგება მარტივია, გუგლში შეიძლება ყველა იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და ინტერვიუს მოძიება, რომელიც ამ საკითხებს უკავშირდება. არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვინმეს რამე ვურჩიო, მაგრამ ფაქტია მე ასე ვცხოვრობ და წლიდან წლამდე ვვითარდები. ამ წლების განმავლობაში ტრავმა არ მიმიღია და კუნთი არ გამჭიმვია. რატომ ხდება ასე? ალბათ იმიტომ რომ ფეხბურთისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ვიცი რამდენი უნდა მეძინოს როგორ უნდა მოვიქცე,ასეთ წვრილმანებშია ყველა დეტალი.

ვიტესსშენი სახით ქართველი კაპიტანი ჰყავს, კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ბომბარდირი ასევე ქართველი, ვაკო ყაზაიშვილია. არის თუ არა კლუბის მხრიდან დაინტერესება რომელიმე ქართველი ფეხბურთელის  მიმართ და რამდენად ხარ თავად შენ ამ პროცესში ჩართული?

გუნდში მაქვს ის პოზიცია, რომ ვურჩიო ამა თუ იმ პოზიციაზე რომელ ფეხბურთელს დააკვირდნენ. გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ვიღებ და არც მინდა რომ მივიღო. კლუბს ჰყავს დირექტორები და სკაუტები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ასეთ ფეხბურთელებზე დაკვირვება, მაგრამ მე მინდა ქართულ ფეხბურთსა და ფეხბურთელებს მაქსიმალურად დავეხმარო. ვფიქრობ რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს შეუძლია ჰოლანდიის ჩემპიონატში თამაში და მათ შესახებ კლუბსაც ვურჩიე. თუ კლუბის მხრიდან რაიმე სახის ინტერესი იქნება, მე ქართველი ფეხბურთელების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.

მიმდინარე სეზონში ვაკომ სანაკრებო და საკლუბო დონეზე თამაშს მოუმატა. როგორ ფიქრობ, რამდენად აქვს მას სეზონის ბოლოს უკეთეს ჩემპიონატში გადასვლის შანსი?

ვაკო ძალიან გაიზარდა. თავდაჯერება მოემატა და რომ ვუყურებ რამდენად ადვილად თამაშობს იმ სისტემაში, რომელიც კლუბს აქვს, აშკარაა რომ პროგრესი განიცადა. ამას მაშინაც ვგრძნობ, როცა ვუყურებ რა ურთიერთობა აქვს მას ბურთთან მოედანზე, თუნდაც ვარჯიშის მიმდინარეობის დროს. სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მისი პოზიციის მიუხედავად ბევრ გოლს იტანს და საკმაოდ ბევრ საგოლე გადაცემას აკეთებს. ვაკო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც უკვე შეუძლია ნაბიჯი წინ გადადგას და სხვა ჩემპიონატსა და კლუბში ითამაშოს. ვაკოსთვის გამეხარდება, რომ სადმე უკეთეს კლუბში გადავიდეს, მაგრამ ჩემთვის არა, რადგან ის „ვიტესისთვის“ მნიშვნელოვანი და საჭირო ფეხბურთელია. ვისურვებდი, რომ ის კლუბში დარჩეს, მაგრამ მისი მომავლისთვის კარგი იქნება თუ კარიერას უკეთეს ჩემპიონატში გააგრძელებს.

მატჩის მიმდინარეობისას ხშირად ერთვები შეტევებში. მცველის პოზიციისთვის საკმაოდ ბევრი გოლიც დაგიგორვდა. ეს მხოლოდ შენი სურვილია თუ მწვრთნელი გაძლევს კონკრეტულ დავალებას ამ მიმართულებით?

შეტევაში წასვლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი ძლიერი მხარე ბურთით ნახევარდაცვაში შესვლა ნამდვილად არ არის. როდესაც მწვრთნელი მთხოვს, რომ თავისუფალ სივრცეში ბურთთან ერთად შევიდე, ამას ვაკეთებ და თამაშს საკუთარ თავზეც ვიღებ. ინიციატივა ფეხბურთელმა უნდა გამოიჩინოს და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე ვიღებ ხოლმე. გარდა ამისა შეტევაში თამაში მსიამოვნებს, ეს მცველისთვის უფრო მეტი რისკი და შესაბამისად მეტი ადრენალინია. რაც შეეხება გოლს, არ არსებობს ფეხბურთელი ვისაც ეს მომენტი არ სიამოვნებს.

„ვიტესთან“ ახალი კონტრაქტის თანახმად, კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში ფუნქციონერის რანგში შეგიძლია დარჩენა. იყო თუ არა შენთვის ეს დამატებითი მოტივაცია?

„ვიტესმა“ მომცა საშუალება, რომ საფეხბურთო კარიერის შემდეგ კლუბში დავრჩე. არის რამდენიმე თანამდებობა, სადაც მუშაობა მინდა, ეს თავად კლუბმა შემომთავაზა. საფეხბურთო კარიერის შემდეგ ფეხბურთში დარჩენა ყოველთვის მინდოდა, ეს კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება. მინდა საკუთარი თავი სხვა მიმართულებებითაც განვავითარო. ვცდილობ ყოველდღიურად რაიმე ახალი ვისწავლო. ასევე კრუიფის ინსტიტუტში ვსწავლობ და უკვე მეორე კურსს ვამთავრებ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და შესაბამისად არც კითხვა არ მეზარება და არც სწავლა. სწავლის მიმდინარეობისას თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებ და ვსწავლობ. სწავლის დაწყების შემდეგ ფეხბურთს საერთოდ სხვა თვალით შევხედე.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ „ვიტესში“ დარჩენა და ცხოვრება ოჯახის გამოც მინდა, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობთ და ცხოვრება გვიადვილდება. „ვიტესში“ რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მინდა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ისევ ქართულ ფეხბურთს მოვახმარო. შესაძლოა დავიწყო სკაუტის პოზიციიდან და განვითარების შემდეგ სპორტულ დირექტორად ვიმუშავო, ყოველ შემთხვევაში მიზნად ეს მაქვს. აქ თუ არა, რომელიმე ქართულ გუნდს სიამოვნებით ჩავუდგებოდი სათავეში. აქ მუშაობის შემთხვევაში აუცილებლად მივიღებ საკმარის გამოცდილებას, იმისთვის რომ ქართულ ფეხბურთს გამოვადგე. თუნდაც სკაუტად მუშაობის პერიოდში შემეძლება ქართველი ფეხბურთელების ჩამოყვანა უკვე ოფიციალურად ვურჩიო „ვიტესს“ და ქართველ ახალგაზრდებს განვითარების საშუალება მივცე.

რადგან კონტრაქტში ეს პუნქტი მიწერია არ ნიშნავს იმას, რომ კარგი შემოთავაზების შემთხვევაში კლუბს არ დავტოვებ. თუ ასე გავაგრძელებ, როგორც ამ დრომდე ვითამაშე, ვფიქრობ ინტერესი მაღალი დონის ჩემპიონატების გუნდებისგან აუცილებლად გაჩნდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ინტერესი ჰოლანდიის ჩემპიონატის დონის გუნდებიდან გაჩნდება, ამ შემთხვევაში „ვიტესში“ დავრჩები. კლუბს მხოლოდ იმ შემთხვეავში შევიცვლი, თუ პროფესიულად განვითარებისა და წინსვლის საშუალება მომეცემა.

 

ნახეთ მეტი...