კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 1 ოქტომბერს გაიმართება

1 ოქტომბერს, დიღმის ჭალებში მდებარე „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში, კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი 2017" გაიმართება. ამის შესახებ დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ღია საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, ყაზახეთის, უკრაინის და საბერძნეთის ნაკრები გუნდების სპორტსმენები მონაწილეობენ. შესარჩევი ორთაბრძოლები 1 ოქტომბერს 11:00 საათიდან დაიწყება, 16:00 საათიდან კი გაიმართება საზეიმო გახსნა, ნახევარფინალური და ფინალური ორთაბრძოლები.

საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი" ტრადიციულად 1998 წლიდან ტარდება და მასში კავკასიის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობდნენ, თუმცა აღნიშნულ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში ასპარეზობის სურვილი სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს და უკვე მე-4 წელია, რაც მონაწილეთა შემადგენლობა სულ უფრო მრავალფეროვანია. შეჯიბრება, რომელიც კონტაქტური კარატეს საერთაშორისო წესებით ტარდება, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას ეძღვნება.

ტურნირი მამაკაცებს შორის 4 წონით კატეგორიაში გაიმართება: -65კგ.; -75კგ.; -85კგ.; +85კგ, ხოლო ქალებში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. შეჯიბრებას დაესწრებიან ევროპის კარატეს ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტები, ევროპის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფედერაციების პრეზიდენტები. 

ტურნირის ფარგლებში ასევე გაიმართება საერთაშორისო სამსაჯო და ტრენინგ-სემინარები, დაგგემილია თბილისის  სპორტის სასახლის დათვალიერება, ინსპექტირება და შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის კარატეს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2020 წლის აპრილში  თბილისი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

სამინისტროს პრესსამსახური

ნახეთ მეტი...