ჯომარდობაში ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ფოთის “ფაზისი“ გახდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ჯომარდობაში ახალგაზრდული ჩემპიონატი 29 ივლისიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 18-დან 29 -წლამდე ასაკის 6000-მდე სტუდენტმა და ახალგაზრდამ, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. პროექტის ძირითადი მიზანი იყო ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობა, მასობრივი ახალგაზრდული და სპორტული სერვისების განვითარება, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ლოკაციასთან ახლოს მდებარე რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტის ხანგრძლივობა იყო 1 დღე, ხოლო საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და მოშორებით მდებარე მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებისთვის - 2 დღე. ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად გაიმართა, თითო საშეჯიბრო დღეს ჩემპიონატში მონაწილეობდა 32 გუნდი.

მონაწილეთა კვება, მგზავრობა და საჭიროების შემთხვევაში განთავსება სრულად დაფინანსებული იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ. შერჩევისას გათვალისწინებული იყო ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოტივაცია.

ჩემპიონატის ფინალური ტური 4 ოქტომბერს გაიმართა. გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის საჩუქრები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

სამინისტროს პრესსამსახური

ნახეთ მეტი...