საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე სამი მედლით დაასრულა

დაღესტანში, ქალაქ კასპიისკში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით ფინალურ ბლოკში ოთხმა ქართველმა ფალავანმა იჭიდავა, სამმა კი მედლის მოპოვება მოახერხა.

55კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ რუს ვასილი ტოპოევს აჯობა, 77კგ წონით კატეგორიაში თორნიკე ძამაშვილი კი აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევთან დამარცხდა.

87კგ წონით კატეგორიაში ფინალში რობერტ კობლიაშვილმა რუს მეტოქეს, ბეკხან ოზდოევს მინიმალური სხვაობით 3-2 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მეორე დღე კი 130კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ დააგვირგვინა, რომელმაც ბულგარელ მეტოდიევს 5-0 მოუგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 2 მაისს საქართველოს სახელით ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის შმაგი ბოლქვაძე (67კგ) იბრძოლებს, ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას დათო ჩხარტიშვილი (60კგ) და იური ლომიძე (72კგ) განაგრძობენ.

ნახეთ მეტი...