"დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა

 

უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურში „დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამო“ კიტეიშვილის გოლით დაამარცხა.  გეგუჩაძის გუნდს თამაშის ხარისხის მხრივ კვლავ პრობლემები აქვს, თუმცა შედეგიანობის მხრივ საუკეთესოა, გორში განცდილი მარცხის შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდა ლიდერის პოზიციას.

თამაში მოსაწყენი გამოვიდა. ერთი ხელის თითები ეყოფა რეალური საგოლე მომენტების ჩამოთვლას. ბურთის ფლობის უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო, თუმცა უფანტაზიოდ, ნელ ტემპში თამაშობდნენ.

პირველმა ტაიმმა რეალური საგოლე მომენტების გარეშე ჩაიარა. შესვენებამდე რამდენიმე ეპიზოდში საბა ლობჟანიძემ იაქტიურა, თუმცა მის თამაშს აკლდა სიმწვავე, რაც გასულ სეზონში უკეთესად გამოსდიოდა. აღსანიშნავია, რომ გეგუჩაძის ხელში ლობჟანიძე პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.

კიტეიშვილის გოლამდე ბათუმელები პრაქტიკულად არ გადასულან შეტევაში. მათი ყურადღება მხოლოდ თავდაცვითი ფუნქციების კარგად შესრულებას ეთმობოდა, ამიტომაც მაშინ შეეცადნენ მეტოქის ნახევარზე გადასვლას, როდესაც „დინამო“ დაწინაურდა.

გია გეგუჩაძის მიერ განხორციელებული ცვლილებებიდან განსაკუთრებით ეფექტური დავით ვოლკოვის თამაშში ჩართვა იყო. ალბათ მატჩის ყველაზე სახიფათო მომენტი სწორედ ვოლკოვმა შეასრულა. მან მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ბურთი ფეხით მიიღო, შემდეგ მკერდით დაიგდო და ალავიძეს ძლიერად დაურტყა. ბურთი ძელს მოხვდა.

73-ე წუთზე პარუნაშვილმა ფლანგზე არჩილ ტვილდიანი დაინახა, პასს „დინამოს“ მარჯვენა მცველის აქტიურობა მოჰყვა, შემდეგ კი მეტოქის საჯარიმოსკენ გააკეთა გადაცემა, სადაც ბურთი სტუმართა მცველს შეეხო და კარის ძელს მოხვდა, შემდეგ ახლო მანძილიდან ვოლკოვმა დაარტყა, თუმცა ალავიძემ მოიგერია. დამატებაზე კიტეიშვილმა ითამაშა და ანგარიში გახსნა.

რამდენიმე წუთში თბილისელთა კუთხურს ვოლკოვის თავური მოჰყვა, თუმცა დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოვიდა.

დარჩენილ წუთებში ჭეიშვილის გუნდი გააქტიურდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. ერთ-ერთ ეპიზოდში ბათუმელი მოთამაშის დარტყმას „დინამოს“ მცველები გადაეღობნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰრდლიჩკას რთული დარტყმის მოგერიება მოუხდებოდა.

 

დინამო (თბილისი) - დინამო (ბათუმი)  1:0 (0:0)

3 ოქტომბერი, თბილისი, „დინამო არენა“

დინამო (თბილისი) : ჰრდლიჩკა, რენე ფერეირა, ტვილდიანი (ჭელიძე 90), გიორგი თევზაძე, გველესიანი, ცინცაძე, პარუნაშვილი, ლობჟანიძე (ვოლკოვი 58), კიტეიშვილი,  ჯიღაური, ქვილითაია (არაბული 69)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

დინამო (ბათუმი) : ალავიძე, გოგიტიძე, სუხიაშვილი, მგელაძე, მახარაძე, შონია (ვარშანიძე 20), ქათამაძე, დიასამიძე (ლუის ალბერტო 56), ჩირიკაშვილი (აბუსელიძე 80), ბერიაშვილი, ქავთარაძე

მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

გოლი: 1:0 კიტეიშვილი (73)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

ნახეთ მეტი...