ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავები საქართველოში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან

ერთი წლის წინ საქართველომ უეფას 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა.

გათამაშებაში მონაწილე გუნდებმა დაძაბული, სანახაობრივი ფეხბურთი გვაჩვენეს და ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის თამაშის ხილვის საშუალებაც მოგვეცა. პირველად 1993 წლის შემდეგ, ინგლისმა ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.



„ახალგაზრდა ლომებმა“ ფინალურ შეხვედრაში, რომელიც გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე ჩატარდა. პორტუგალია 2:1 დაამარცხეს.


19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატებზე არაერთ გამორჩეულ მოთამაშეს მიუღია მონაწილეობა, მათ შორის ანდრეს ინიესტას, არდა თურანს, ანტუან გრიზმანს, მანუელ ნოიერს და სხვებს. MySports.Ge წარმოგიდგენთ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 4 ინგლისელ ფეხბურთელს, რომლებსაც ვარსკვლავურ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

N4. ტრევო ჩალობა

დაბადების თარიღი: 1999 წლის 5 ივლისი (19 წლის)

გუნდი: ჩელსი

ინგლისის ნაკრებმა საქართველოში ჩატარებულ 5 მატჩი მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, რაც დაცვის ხაზის დამაჯერებელი თამაშით იყო განპირობებული. გერმანიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჩალობამ ტრავმა მიიღო და მხოლოდ ორი შეხვედრა ითამაშა სრულად, რომლებშიც ინგლისს საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია.



სიერა ლეონეში დაბადებული ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ჩელსის აკადემიას 9 წლის ასაკში შეუერთდა და ახალგაზრდული გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის - გუნდთან ერთად იგი ახალგაზრდებს შორის საფეხბურთო ასოციაციის თასის (FA Youth Cup) ორგზის და ახალგაზრდებს შორის უეფას ახაგაზრდული ლიგის (Uefa Youth League) გამარჯვებულია. მიმდინარე ზაფხულს, ჩალობა 1-წლიანი იჯარით ჩემპიონშიპში მოასპარეზე „იფსვიჩს“ შეუერთდა და სადებიუტო მატჩში 90 წუთი ითამაშა. ნიჭიერ ინგლისელს თავის გამოსაჩენად წინ კიდევ 45 ტური აქვს.

N3. ლუკას ნმეჩა

დაბადების თარიღი: 1998 წლის 14 დეკემბერი (19 წლის)

გუნდი: მანჩესტერ სიტი

გორში ჩატარებულ ფინალურ შეხვედრაში ინგლისს გამარჯვება ლუკას ნმეჩას გოლმა მოუტანა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მანჩესტერ სიტის აკადემიის გაწვრთნილმა ნიგერიული წარმოშობის თავდამსხმელმა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში და მანჩესტერ სიტის ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. მიმდინარე წლის 29 აპრილს სწრაფ და ტექნიკურ თავდამსხმელს პრემიერ ლიგაში დებიუტი ჰქონდა - „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის მიწურულს მან გაბრიელ ჟესუსი შეცვალა. ლუკასმა სიტის მაისურით პირველი გოლი წლევანდელ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ნმეჩა 1-წლიანი იჯარით ჩემპიონშიპის „პრესტონში“ გადავიდა და მასაც წინ გრძელი სეზონი ელოდება.


N2. მეისონ მაუნთი

დაბადების თარიღი: 1999 წლის 10 იანვარი (19 წლის)

გუნდი: დერბი ქაუნთი

ინგლისელმა შემტევმა ნახევარმცველმა საქართველოში საინტერესო თამაში აჩვენა. პირველივე მატჩში ბულგარეთს გოლი ერთ წუთზე ნაკლებ დროში გაუტანა და მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. საბოლოოდ, მეისონ მაუნთი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მაუნთი ჩელსის ფეხბურთელია, თუმცა წინა სეზონი იჯარის წესით არნემის „ვიტესში“ გაატარა და საკმაოდ წარმატებულადაც - 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ახალგაზრდა ინგლისელმა მიმდინარე სეზონი, კვლავ იჯარის წესით, ფრენკ ლამპარდის გაწვრთნილ „დერბი ქაუნთში“ დაიწყო და სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანაც მოახერხა.


N1. რაიან სესენიონი

დაბადების თარიღი: 2000 წლის 18 მაისი (18 წლის)

გუნდი: ფულემი

განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისგან, ინგლისელ თინეიჯერს საქართველოში ჩამოსვლამდე ფეხბურთის ბევრი გულშემატკივარი იცნობდა. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატამდე, რაიანს 30 მატჩი ჰქონდა ჩატარებული იმ დროს  ჩემპიონშიპში მოასპარეზე ფულემის შემადგენლობაში და 7 გატანილი გოლიც საკუთარ ანგარიშზე. ინგლისის ტრიუმფში სესენიონმა ლომის წილი დაიდო, ყველა თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და 3 გოლით ტურნირის ერთ-ერთი ბომბარდირიც გახდა. წინა სეზონი ახალგაზრდა ინგლისელისთვის და ფულემისთვის წარმატებული გამოდგა, გარდა იმისა რომ 52 თამაშში, 16 გოლის 8 საგოლე გადაცემის დაგროვება მოახერხა - კლუბი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა.



სესენიონს ინგლისური პრესა გარეთ ბეილს ადარებს, რადგან მანაც, უელსელის მსგავსად, მცველის პოზიციიდან ნელ-ნელა შემტევი ნახევარმცველის როლი მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ ფულემის ნიჭიერი ახალგაზრდით ინგლისური ტოპ-კლუბები დიდი ხანია დაინტერესებულები არიან, ფეხბურთელმა „კრეივენ კოტეჯზე“ დარჩენა ამჯობინა. წინ საინტერესო პრემიერ ლიგა გველოდება და ვნახოთ, ვიხილავთ თუ არა ახალი საფეხბურთო ვარსკვლავის, სახელად რაიან სესენიონის დაბადებას. აქვე გთავაზობთ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინ ფეხბურთელთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუს.

 

სპეციალისტების შეფასებით, ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებს ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ და ეს ასაკობრივ ჩემპიონატებზე დაფიქსირებული შედეგებითაც დასტურდება. საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში აგრეთვე ერთერთი გამორჩეული ბენ ბრერეტონი იყო,რომელმაც სესენიონის მსგავსად აგრეთვე სამი გოლი გაიტანა. ფეხბურთელი, ამ დროისთვის კვლავ „ნოტინგემ ფორესტის“ რიგებში ირიცხება, თუმცა არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში სხვა კლუბში გადავიდეს. ბრერეტონის შეძენით „ბლექბერნი“ დაინტერესდა, რომელიც ფეხბურთელში 5 მილიონის გახდას გეგმავდა.


ტრანსფერმარკეტის ინფორმაციით, რაიან სესენიონის საბაზრო ღირებულბა ამ დროისთვის 25 მილიონი ევროა (გასულ წლის ამ პერიოდისთვის მისი ფასი 3 მილიონი იყო), მეისონ მაუნთის ღირებულება კი 4 მილიონს ევროს უტოლდება.

ნახეთ მეტი...