შენგელიას ბასკონიამ მადრიდში რეალთან ბოლო პერიოდში წააგო

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონიამ” ევროლიგის ესპანურ დერბიში “რეალის” წინააღმდეგ მადრიდში ითამაშა და 18 ქულით დამარცხდა. მესამე პერიოდის მიწურულისკენ ანგარიში თანაბარი – 65:65 იყო, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა ბასკონიელთა წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხეს და დამაჯერებლად – 97:79 იმარჯვეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 23:04 წუთი გაატარა. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულასთან ერთად 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, მეტოქეებს თამაშის წესების დარღვევა 3-ჯერ აიძულა, თავად კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე გადაინაცვლა.

 საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა – მეტ ჯენინგმა 27:10 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მმოაგროვა. ჯენინგმა 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, 1 შეცდომა დაუშვა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

“ბასკონიას” 1 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 25 ოქტომბერს, სტუმრად, მიუნხენის “ბაიერნთან” გამართავს.

gbf.ge

ნახეთ მეტი...