ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე მე-9 ადგილი დაიკავეს

თბილისის მსოფლიო თასის გუნდურ პირველობაზე საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მე-9 ადგილი დაიკავა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესაამსახურის ინფორმაციით, 9-11 ოქტომბერს თბილისის ახალი სპორტის სასახლე ფარიკაობის მსოფლიო თასს მასპინძლობდა, რომელშიც 32 ქვეყნის 160 უძლიერესი სპორტსმენი მონაწილეობდა.  9 და 10 ოქტომბერს ინდივიდუალური ორთაბრძოლები გაიმართა, 11 ოქტომბერს კი გამარჯვებული გუნდურ შეჯიბრებაში გამოვლინდა.

ფინალურ შეხვედრას, რომელშიც აშშ-მ საფრანგეთი დაამარცხა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო და გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრა გერმანიის ნაკრებმა მოიგო. ამრიგად, ოქრო აშშ-ს, ვერცხლი საფრანგეთს, ბრინჯაოს მედალი კი გერმანიის ნაკრებს გადაეცა.

საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე) გათამაშება მე-9 ადგილზე დაასრულა. მე-16 ფინალში ეგვიპტეს 45:35 მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონ სამხრეთ კორეის ნაკრებთან 37:45 დამარცხდა. რეპეშაჟში ბრძოლა მე-9 ადგილის დასაკავებლად გააგრძელა და უკრაინას და ჩინეთს ერთნაირი ანგარიშით 45:43 მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველები ირანის ნაკრებს შეხვდნენ და 45:44 გაიმარჯვეს.

თბილისის მსოფლიო თასზე მსოფლიოს რეიტინგში საუკეთესო პოზიციის მქონე სპორტსმენები  საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, კორეადან, ჩინეთიდან, უნგრეთიდან, რუმინეთიდან, ამერიკიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და ფარიკაობაში სხვა წამყვანი ქვეყნებიდან გამოდიოდნენ. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე სულ 12 სპორტსმენით იასპარეზა - სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე,  ლუკა ობოლაძე, ნიკა შენგელია, ტატო ბარათაშვილი, ოთარ გიორგაძე, სერგი გოგლიძე, ვაჟა ღეჭია, დავით უკლება, გივი მერკვილაძე..

თბილისის მსოფლიო თასი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სალიცენზიო ტურნირიც იყო. თბილისის მსოფლიო თასის ორგანიზატორი საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია იყვნენ. გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები სალიცენზიო ქულებთან ერთად, თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

2014 წელს თბილისმა მოფარიკავეთა შორის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2017 წელს კი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს დედაქალაქში დიდებს შორის ჩატარდება.

ნახეთ მეტი...