მილტონ ჰეიგი: "წელს ყველაზე რთული თამაში ესპანეთთან გვაქვს"

სეზონის მეორე საშინაო მატჩს ბორჯღალოსნები 27 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში ესპანეთის წინააღდმდეგ ჩაატარებენ.შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება.

ტრადიციულად მატჩის წინა დღეს მესხის სტადიონმა საქართველოსა და ესპანეთის წინა სამატჩო პრესკონფერენციასა და კაპიტნის ვარჯიშებს უმსაპინძლა. სტუმრებმა შუადღეს, 12 საათზე, ხოლო ბორჯღალოსნებმა 17 საათზე ივარჯიშეს. შუალედში გუნდების კაპიტნებმა და მწვრთნელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

მილტონ ჰეიგი: „ესპანეთმა პირველი ორი თამაში რუსეთთან და რუმინეთთან 2-3 ქულით დათმო და ეს მათ სიძლიერეზე მეტყველებს. ესპანეთი ჩვენთვის უხერხული მეტოქეა და სწრაფ რაგბს თამაშობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წელს ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე რთული თამაში. მეტოქემ წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში 10-ზე მეტი მოთამაშე შეცვალა და მათ შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცი. მათ კარგი შეტევის სტრუქტურა აქვთ, სახიფათონი არიან კონტრშეტევებისას. მე არ მავიწყდება, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში ესპანეთის ნაკრები ერთადერთია ერთა თასის გუნდებიდან, რომელთანაც წავაგე“.

14

შალვა სუთიაშვილი: „ვერ ვიტყვი, რომ წინა თამაშები ადვილად მოვიგეთ. შესაძლოა, ანგარიშით ასე ჩანს, მაგრამ შერკინებას დიდი ჯაფა დაგვადგა და ამის ხარჯზე შევძელით წარმატების მიღწევა. ჩვენს სქემაში გარკვეული კორექტივები შევიტანეთ, შევცალეთ სქემა და გვსურს ესპანეთთან ის თამაში ვაჩვენოთ, რისკენაც მივდივართ. შერკინებასთან ერთად, საქმეში ხაზიც მეტად უნდა ჩავრთოთ და მაყურებელს ისეთი სიამოვნება მივანიჭოთ, როგორსაც ექვსი ერის თამაშებიდან იღებენ. იმედია ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ მსოფლიო თასზე დიდი გამოცდილება მივიღეთ, დიდი ხანია რაც მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობთ, თამაშის ამ სისტემას ვხვეწთ და ეს შედეგზეც აისახება“.

სანტიაგო სანტოს (მთ. მწვრთნელი): „გასაკვირი არაა, რომ ყოველი თამაშის წინ მოთამაშეები იცვლებიან. ჩვენი მიზანი 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრაა. შესარჩევი ციკლი გაისად იწყება და წელს საქმეში რაც შეიძლება ბევრი მოთამაშე უნდა ვნახოთ. უნდა შევქმნათ დიდი ბირთვი, რომლიდანაც საუკეთესოებს შევარჩევთ. ახლა ძნელია იმის თქმა, ეს შემადგენლობა უკეთ ითამაშებს თუ არა, თუმცა, პირადად მე ველი, რომ ზუსტად იმ დონის გუნდი გვყავს, როგორიც რუსეთთან და რუმინეთთან.

12

„ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ ქართველებს 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრას. ამით მხოლოდ საქართველოს კი არა, ევროპულ რაგბსაც დიდი საქმე გაუკეთეს. ვფიქრობ, დანარჩენი გუნდებიდან რუმინეთს, რუსეთს და ესპანეთს, იაპონიაში მოხვედრის თანაბარი შანსი აქვს. ალბათ, ისტორიიდან გამომდინარე ოდნავ დიდია რუმინელების შანსი, მაგრამ მცირედით. ამიტომ, მსოფლიო თასზე ესპანეთის მოხვედრის შანსებს 30-33 პროცენტით შევაფასებ“

ხაიმე ნავა (კაპ): „ვეცდებით სხვაობა შევამციროთ და ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა შეხვედრაში, მოედანზე ამჯერადაც საბრძოლველად გავალთ. მწვრთნელმა აღნიშნა და ვიტყვი, რომ წლევანდელ წელს ახალი გუნდის ასაშენებლად ვიყენებთ და შედეგს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ამწუთას საქართველოს ნაკრები ერთა თასზე საუკეთესოა, მაგრამ აქ სასეირნოდ არ ჩამოვსულვართ და ჩვენსას ვეცდებით“.

13

ბილეთები იყიდება როგორც ონლაინ ვებგვერდზე TKT.GE/Rugby, ასევე სტადიონის სალაროებში. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარი. ასევე მივმართავთ ყველა ქომაგს, რომ სტადიონზე შესვლა ბილეთის დასკანირების შემდეგ ხდება. აღნიშნულმა პროცესმა დიდი დრო, რომ არ წაიღოს და მინდორზე გამოსულ ბორჯღალოსნებს სავსე ტრიბუნა დავახვედროთ, ყველას მოგიწოდებთ ადრე მობრძანდეთ სტადიონზე.

მასალა მომზადებულია რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ გვერდის მიხედვით.

16 15

ნახეთ მეტი...