ებრალიძემ „ჟილ ვისენტეს“ ეფექტური გოლით მოაგებინა

პორტუგალიის საფეხბურთო სეგუნდა ლიგის მე-9 ტურში, „ჟილ ვისენტე” სახლში „ორიენტალს“ შეხვდა და ავთო ებრალიძის გოლის წყალობით 1:0 გაიმარჯვა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და 38-ე წუთზე „მაკრატელათი“ ეფექტური გოლი გაიტანა. „ჟილ ვისენტე“ 12 ქულით 24-გუნდიან სეგუნდა ლიგაში მე-13 ადგილზეა.

„ფეირენსემ“ „ფალმალიკაო“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული მეკარე გიორგი მაკარიძე დაუბრუნდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. „ფეირენსე“ 10 ქულით მეთექვსმეტეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში, ტაშკენტის „ფახთაქორი“ სტუმრად ფერგანაში ადგილობრივ „ნეფთჩისთან“ 2:3 დამარცხდა. ტაშკენტელთა კაპიტანი კახა მახარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე გააძევეს. „ფახთაქორი“ 16-გუნდიან გათამაშებას 58 ქულით ლიდერობს.

ფინეთის ვეიკაუსლიგაში „კუოპიონ პალასეურა“ გასვლაზე ტურკუს „ინტერთან“ 1:3 დამარცხდა. ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 90 წუთი იასპარეზა. „კუოპიონ პალასეურა“ 35 ქულით 12 გუნდში მეცხრეა.

ნახეთ მეტი...