თემურ დათიკაშვილი: "რუს გულშემატკივრებს თბილისში საფრთხე არ ემუქრებათ"

8 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ვითიბი ლიგის მეორე ტურის მატჩი გაიმართება. "ვითას" მეტოქე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მოსკოვის ცსკა იქნება. მატჩმა მოსკოვშიც დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც რუსული პრესის აქტიურობაც მეტყველებს. Sovsport.ru "ვითას" პრეზიდენტს, თემურ დათიკაშვილს ესაუბრა.

- საქართველო მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ჩვენთვის სტუმარი ყვლაფერია.

- აღმოსავლეთის და კავკასიის ქვეყნებში მსგავს ფრაზებს ხშირად ამბობენ, თუმცა რეალურად სულ სხვა სურათი იქმნება...

- საქართველოში ასე არ არის. სტუმარს ყოველთვის ღირსეულად მივიღებთ. ვითიბი ლიგაში ჩვენი მონაწილეობა ქვეყნებსა და ხალხს შორის ურთიერთობის გამყარებას ემსახურება. კალათბურთმა რუსი და ქართველი ხალხი უნდა დაახლოვოს. ყველაფერი ცუდი კი წარსულში უნდა დარჩეს.

- სასტარტო ტურში დიდი ანგარიშით დამარცხდით. როგორი განწყობაა გუნდში? 

- სულ რაღაც ორი თვეა რაც ჩვენი გუნდი შეიკრიბა. მრავალი წელია კალათბურთში ვმოღვაწეობთ და გვესმის, რომ ეს დრო ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ არის. ისიც გვესმის, რომ ცსკას და "ხიმკის" დონის ევროპულ გუნდებთან ჭიდილს ჯერჯერობით ვერ შევძლებთ. ამ ეტაპზე ლიგაში დამკვიდრება გვსურს.

- რატომ მოკიდეთ ხელი ამ საკმაოდ რთულ და როგორც რუსეთში ამბობენ უპერსპექტივო საქმეს? 

- საქართველოში კალათბურთის განვითარება ვინმეს უნდა დაეწყო. გვაქვს და ვხედავთ მიზანს,რომელსაც უნდა მივაღწიოთ.

- პირველ მატჩზე გულშემატკივართა დასწრება როგორი იყო? 

- სამწუხაროდ გულშემატკივრები მრავლად არ მოსულან. ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ რუსეთის ღია პირველობაზე ვმონაწილეობთ, თუმცა ეს საერთაშორისო ტურნირია, სადაც 8 ქვეყნის გუნდი იღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იდეალური არ არის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ვითარება გამოსწორდება.

- ცსკა-სთან შეხვედრაზე ელით გულშემატკივრებს?

- რა თქმა უნდა! მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თამაშობს, მაინც გვგონია, რომ გულშემატკივრები ჩვენს თამაშზე მოვლენ. სამწუხაროდ, არ ვიცოდით, რომ "ვითას" თამაში ფეხბურთს ემთხვეოდა, თორემ აუცილებლად მოვიფიქრებდით რამეს.

- დიდი ალბათობით მატჩზე რუსი გულშემატკივრებიც ჩამოვლენ. თბილისი უსაფრთხო ქალაქია? 

- ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. უსაფრთხოების მხრივ მსოფლიოშიის პირველია. რუს გულშემატკივრებს საფრთხე არ ემუქრებათ.

ნახეთ მეტი...