ქეთევან ქარდავა სებასტიან ბელინის შეხვდა, რა იდეაზე შეთანხმდნენ ჟურნალისტი და კალათბურთელი (ვიდეო)

22 მარტის ბრიუსელის ტერაქტის დროს დაშავებულ ბელგიელ კალათბურთელს ქართველი ჟურნალისტი ჰოსპიტალში ესტუმრა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა სებასტიან ბელინი ანდერლეხტის ერასმუსის კლინიკაში დღეს მოინახულა. ჟურნალისტისა და ბელგიის საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრის შეხვედრა საკმაოდ ემოციური გამოდგა. ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტიდან რამდენიმე წუთში ქეთევან ქარდავას მიერ გადაღებული კალათბურთელის ფოტო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრი მოექცა და მოვლენის ერთერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.

" დიდი მადლობა შენ, იმ დროს შენ მომეცი პოზიტიური ენერგია, მე მჯერა კარმის, მიხარია,რომ კარგად ხარ. მიხარია, რომ ცოცხალი ხარ. მადლობა,რომ ეს ფოტო გადაიღე" - ამბობს სებასტიან ბელინი.

ke5

ქართველი ჟურნალისტისთვის საკმაოდ ემოციური იყო კალათბურთელთან შეხვედრა. ბელინსთან შეხვედრისა და ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ქეთევან ქარდავამ მოკლე კომენტარი გააკეთა: " განსაკუთრებულად ემოციური დღეა ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სებასტიანთან შეხვედრა. მიხარია,რომ ჩვენი შეხვედრა შედგა. ჩვენ გადავწყვიტეთ,რომ ამიერიდან ყოველი წლის 22 მარტს ჩვენი ახალი დაბადების დღე, ერთად აღვნიშნოთ. სებასტიანი უკვე ჩემი უახლოესი მეგობარია. მალე გამოჯანმრთელდება და ერთად დავამარცხებთ ტერორიზმს".

 

ქეთევან ქარდავამ ტერაქტის დროს დაშავებული ბელგიელი კალათბურთელი საავადმყოფოში მოინახულა.

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 29 მარტი, სამშაბათი

ჟურნალისტისა და კალათბურთელის შეხვედრის ვიდეოს ექსკლუზიურად კანადის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სპეციალურ რეპორტაჟს აღნიშნულ თემაზე ემი ევორდსის გამარჯვებული CBC-ის ჟურნალისტი ადრიენ არსენოლტი ამზადებს. (ქართველი ჟურნალისტი ტერაქტის დროს დაზარალებულ კალათბურთელს შეხვდა)

ნახეთ მეტი...