"დალასის" პრინციპული გამარჯვება “ოკლაჰომასთან“ (ვიდეო)

“დალასისა“ და “ოკლაჰომას“ სერიის პირველ მატჩში კევინ დურანტის გუნდმა ტეხასელებს იმდენად დამაჯერებლად მოუგო, რთულად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ რიკ კარლაილის გუნდი სტუმრად ვარსკვლავებით გადაჭედილ და გამარჯვებაზე დაგეშილ მეტოქეს დაამარცხებდა და მოედნის უპირატესობას მიიღებდა. “დალასმა“ მატჩი 85:84 მოიგო, სერიაში ანგარიში გაათანაბრა  - 1:1 და მომდევნო 2 შეხვედრას 22 და 24 აპრილს თავად უმასპინძლებს. მატჩი დაძაბული, უკომპრომისო გამოდგა, რაზეც ანგარიშიც კარგად მეტყველებს.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა ძირითადად შავი სამუშაო გასწია და დაცვითი ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული. ზაზამ 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 6 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა. დალასელთაგან ყველაზე შედეგიანი რაიმონდ ფელტონი იყო  21 ქულა - 11 მოხსნით, დირკ ნოვიცკის ანგარიშზე კი 17 ქულა გახლდათ.

მეორე მხარეს კევინ დიურანტმა 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, რასელ ვესტბრუკმა კი 19 ქულა და 14 მოხსნა. შეგახსენებთ, სერია 4 მოგებამდე გრძელდება.

ნახეთ მეტი...