თბილისს Eko-ს სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ გონჩარენკო სტუმრობს

13-14 მაისს თბილისის ახალი სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევროპირველობა საუკეთესოებს უფროსებში და ახალგაზრდებში გამოავლენს. თბილისურ ევროპის ჩემპიონატზე 20-ზე მეტი ქვეყნის 327 სპორტსმენი გამოვა. ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად, საქართველოს დედაქალაქს ევროპის კარატეს ორგანიზაციის ( Eko) სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ გონჩარენკო სტუმრობს, რომელიც ამავდროულად უკრაინის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტია და ევროპის ჩემპიონატის მთავარი მსაჯი იქნება.

გონჩარენკოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე მასპინძლობს, რომელიც ევროპირველობის სპორტული დირექტორია. სტუმარმა ინსპექტირების მიზნით დაათვალიერა სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი", სადაც დელეგაციის და სპორტსმენების ნაწილი იცხოვრებს და ოფიციალურ ნაწილსაც გაუმასპინძლდება - კენჭისყრას, აწონვას, აკრედიტაციების გაცემას, სემინარებს.

გონჩარენკომ ასევე დაათვალიერა ახალი სპორტის სასახლე და ჩემპიონ-პრიზიორებისთვის განკუთვნილი თასები, მედლები და სპეციალური პრიზები. სტუმარი ნანახით კმაყოფილი დარჩა და ქართულ მხარეს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა. 17:00 საათზე ალექსანდრ გონჩარენო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეწვევა და მინისტრის მოადგილეს შალვა გოგლაძეს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული გეგმით ემზადება საქართველოს ნაკრებიც, რომელიც შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დასკვნით შეკრებაზე გადავა. მსგავსი მაღალი დონის ტურნირი საქართველოში არ ჩატარებულა, შესაბამისად ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტიც და საქართველოს ნაკრებიც ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადება, რათა შეჯიბრებამ უმაღლეს დონეზე ჩაიაროს, ჩვენმა კარატისტებმა კი თბილისში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ.

შეგახსენებთ, შარშან ვარშავაში გამართულ ევროპის პირველობაზე ისტორიული ფაქტი მოხდა, 70 კილოში ქართული ფინალი შედგა - გამოცდილმა ლაშა ხაჭაპურიძემ, ახალგაზრდა ანდრეი ზინჩენკოს მოუგო. ხაჭაპურიძე და ზინჩენკო წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მოგების უმთავრესი ფავორიტები არიან.



www.msy.gov.ge

ნახეთ მეტი...