გიორგი ივანიშვილის ბლოგი № 3 - ''როგორ გავიპარე მანჩესტერში''

"ფეხბურთელის ბლოგი" - გიორგი ივანიშვილი - 26, ს.კ ცხინვალი, პოზიცია - ნახევარმცელი, ბლოგი №3

''როგორც იქნა ნანატრი 3 ქულა მოვიპოვეთ! ეს პირველი შემთხვევაა როცა მოგებით გახარებული ვწერ ბლოგს.

მართალია წინა ბლოგის დაწერიდან რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ საფეხბურთო სამყაროში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა.

მინდა ჩემს რიგით მესამე წერილში არა მხოლოდ ცხინვალისა და ჩემს შესახებ, არამედ ევროპულ ფეხბურთში მომხდარ რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენაზეც ვისაუბრო.

როცა ფეხბურთელი ხარ შანსი გაქვს ყოველ შაბათ-კვირას საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები მოედანზე გამოამჟღავნო და დაამტკიცო. წარუმატებელი თამაშის შემდეგ ცდილობ წარმატების გზაზე დადგე, წარმატებული თამაშის შემდეგ კი მთავარი ამოცანა სერიის გაგრძელებაა.

სამტრედიასთან დაპირისპირების შემდეგ საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის გურიას ვეთამაშეთ. მორიგი მატჩი, სადაც გამარჯვება აუცილებლად გვჭირდებოდა. ვიცოდით რომ მარტივი თამაში არ გველოდა, რადგან მოგება გურიასთვისაც ისეთივე აუცილებელი იყო, როგორც ჩვენთვის.

მატჩი 0:0 დასრულდა. მეტი კომენტარის გაკეთება ამ მატჩზე რთულია, რადგან ჩემი აზრით ცხინვალმა მეორე წრეში ყველაზე უინტერესოდ სწორედ გურიასთან ითამაშა. თითქოს შეტევისას სისხარტე და კრეატუიულობა გვაკლდა. მეტოქის კართან რეალური საგოლე მომენტი ვერ შევქმენით.

ლანჩხუნთელებთან მატჩი სასწრაფოდ იყო დასავიწყებელი. მომდევნო მატჩი ბოლნისის სიონთან გვქონდა, გამოსასწორებელი კი უამრავი ნიუანსი იყო. სიონთან მატჩამდე სავარჯიშო კვირამ ჩვეულ რიტმში ჩაიარა.

ყველა გუნდის წინააღმდეგ ერთნაირად ვემზადებით, გამონაკლისების გარეშე. შესაძლოა თამაშის დროს ტაქტიკა შეიცვალოს, ან დაცვით სტილზე გადავიდეთ, ან უფრო მეტად შევუტიოთ მაგრამ თამაშის წინ ყველა გუნდთან 3 ქულის მოპოვებას ვგეგმავთ.

ბოლნისში თამაში ყველა გუნდს უჭირს, ზუსტად ვიცოდით რომ დადებითი შედეგის მისაღებად ბევრი ბრძოლა და მაქსიმალური კონცენტრაცია გვჭირდებოდა. თანაც სიონი ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ეს მათთვის მთავარი მოტივაციაა. ბიჭებს გვინდოდა მიმდინარე წელს პირველი 3 ქულა მოგვეპოვებინა, თანაც აღდგომის დღესასწაულისთვის საკუთარი თავებისთვის საჩუქრის გაკეთება ცუდი არ იქნებოდა.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ფეხბურთის განვითარების ფონდმა ერთი თვის ხელფასები ჩაგვირიცხა, რამაც დამატებითი სტიმული მოგვცა. როგორც მოსალოდნელი იყო თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. სიონი პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა და მოედნის ცენტრს აკონტროლებდა. პირველ ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში მოედნის ცენტრზე კონტროლი ჩვენ დავაწესეთ და შესაბამისად თამაშიც წავიყვანეთ.

მეორე ნახევარში თითქოს ჯანი მომემატა, ამდენი ენერგია არცერთ სხვა თამაშში არ მქონია. შესაბამისად მეტოქის შეწუხება და გუნდისთვის სარგებლის მოტანა ბევრ მომენტში შევძელი. პირველი გოლის დროს ვილი ისიანს საგოლე პასი გავუკეთე. ვილი ცხინვალში სიონიდან გადმოვიდა და პირველი გოლი სწორედ ყოფილ გუნდს გაუტანა. ერთ-ერთ ეპიზოდში პენალტიც გამოვიმუშავე, მაგრამ გორგიმ (თორნიკე გორგიაშვილი) ვერ გაიტანა, მეკარემ აჯობა. საბოლოოდ 3:1 გავიმარჯვეთ და მეორე წრეში პირველი 3 ქულა მოვიპოვეთ.

გასახდელში რომ შევედი ყვირილის გარდა ვერაფერი შევძელი, ეს იყო ემოცია რომლის გამოხატვაც წინა 11 მატჩის მანძილზე ვერ მოვახერხე, ბოლნისელებთან მატჩის შემდეგ კი ბოლომდე დავიხარჯე.

ქობულეთის შუქურასთან მატჩისთვის მზადება მძიმედ დაიწყო. სიონთან თამაშის შემდეგ სააღდგომოდ სამი დღით დავისვენეთ და ცხადია ეს დასვენება ჩვენს პირველივე ვარჯიშზე აისახა. წარმოდგენილი მქონდა როგორი დამღლელი და მძიმე იქნებოდა სამდღიანი შესვენების შემდეგ ვარჯიში, ჩემი მოლოდინი ბოლომდე გამართლდა.

აღდგომის დღესასწაული ძალიან მიყვარს. დიდებული დღეა და რაც მთავარი ამ პერიოდში ყველა ადამიანისგან დადებით ემოციას იღებ. ოჯახი, მეგობრები, ეკლესია, პასკები, კვერცხები, სიყვარული და დასვენება. სიმშვიდის და სიამოვნების მისაღებად ეს ყველაფერი საკმარისია. როცა ამდენ გაღიმებულ და ბედნიერ ადამიანს ხედავ ამაზე მაგარი გრძნობა არაფერია.

აღდგომას ვაკის პატარა სამებაში ოჯახის წევრები ერთად შევხვდით. კვირას კი მე და ნინუკა მეგობარ კოტიკო ყიფიანთან წავედით. ფანტასტიური სუფრა, სიმღერები და ტრადიციულად ქართული სადღეგრძელოები დაგვხვდა.



მეორე დღე ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთმანეთთან ყოფნას დავუთმეთ, შემდეგ კი ყველა ახლობელთან მივედით და დღესასწაული მივულოცეთ. ყველა მათგანი მრავალფეროვანი სუფრითა და კეთილი სურვილებით დაგვხვდა. ქართული სუფრა ერთ-ერთი მთავარი იყო, რაც შვეიცარიაში ცხოვრებისა და თამაშის პერიოდში მენატრებოდა.

ჩემპიონი ლესტერ სიტი

საოცრებები ხდება ევროპულ ფეხბურთში. ლესტერ სიტიმ და რანიერიმ მთელი მსოფლიოს ყურადღება და სიმპათია დაიმსახურეს. ლეო მესიმ გააკეთა ლესტერის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი - ''ზუსტად ლესტერის გამო გვიყვარს ფეხბურთი''. რანიერიმ საკუთარ ფეხბურთელებთან ერთად ზღაპრული ისტორია დაწერა. ერთმა პატარა ინგლისური ქალაქის გუნდმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა რომ წარმატების მისაღწევად მთავარი არა ფული, არამედ მონდომება, ჟინი და საქმისადმი სწორი მიდგომაა. (მაგალითად, მაჰრეზის წლიური ანაზღაურება უდრის უიენ რუნის ერთი კვირის ანაზღაურებას).

მთელი ჩემი ცხოვრება მანჩესტერ იუნაიტედს ვქომაგობ. იმ დონეზე მიყვარს ეს კლუბი, რომ შვეიცარიაში ცხოვრების პერიოდში, როცა სკოლაში დავდიოდი გამოცდების დროს ერთი კვირით მანჩესტერში გავიპარე რომ მათ თამაშს დავსწრებოდი.

ინგლისის პრემიერლიგა ყველაზე ყურებადი და საინტერესო ჩემპიონატია. ყოველწლიურად ამ ჩემპიონატის ფენტეზისაც ვთამაშობ. წელს ლესტერის მთელი გუნდით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ მინდა განსაკუთრებით სამი ფეხბურთელი გამოვყო. ვარდიმ, მაჰრეზიმ და კანტემ ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარეს.


მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 11 წლის ასაკში.

ლესტერ სიტისთან ერთად შექებას იმსახურებს მადრიდის ატლეტიკო. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის ლიდერები ყოველ წელს სხვადასხვა გუნდებში გადადიან ატლეტიკო უკანასკნელი სამი სეზონის მანძილზე გრანდებთან ტოლ-სწორად თამაშს ახერხებს. ეს დიდწილად დიეგო სიმეონეს დამსახურებაა.

კარგად ჩანს თუ როგორ ემოციურად უძღვება საკუთარი გუნდის თამაშს და როგორ მაღალ დონეზე აქვს სათამაშო დისციპლინა აყვანილი. ერთ-ერთ უკანასკნელ ვარჯიშზე ატლეტიკოს თამაშზე ყურადღება კაჭომაც (კახა კაჭარავა, ცხინვალის მთავარი მწვრთნელი) გაამახვილა.

კახა ამბიციებით, ღირსებითა და პატრიოტიზმით აღსავსე ადამიანია. მისი ყოველი ნაბიჯი ფეხბურთის მიმართ დიდ სიყვარულს ემსახურება. საფეხბურთო კარიერა რომ განვაახლე ეს მისი დიდი დამსახურებაა. როგორც ფეხბურთელს და როგორც ადამიანს კაჭო პირველივე დღიდან თვალდახუჭული მენდო.

ოდესმე თუ მოგინდება ფეხბურთის მიმდინარეობისას ნამდვილი ემოცია იხილო, მაშინ კახას უნდა დააკვირდე. ხანდახან ზედმეტიც მოსდის (ამას თავადაც ამბობს), ამ ამბავში მას კონკურენციას დიეგო სიმეონე და იურგენ კლოპიც ვერ გაუწევენ.

კაჭო დისციპლინას დიდ ყურადღებას აქცევს, აქცენტს გუნდურ თამაშზე აკეთებს და ყველა ფეხბურთელისგან ბოლომდე დახარჯვას ითხოვს. ახალგაზრდების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მათთან მუშაობით დიდ სიამოვნებას იღებს. მიხარია ამ ორი წლის მანძილზე მასთან მუშაობის საშუალება რომ მომეცა.

სათამაშო დისციპლინაზე ლაპარაკი მთავარი მწვრთნელის მხრიდან ლექვთას (ირაკლი ლექვთაძე, ცხინვალის ფეხბურთელი) მორიგ გასისხვლას (ეს ჩვენი ტერმინია) მოჰყვა. კაჭომ აღნიშნა რომ ატლეტიკოს ფეხბურთელები მოედანზე საკმაოდ ბევრს და სწორად გადაადგილდებიან, რაც მთავარია საკუთარ ენერგიას სწორად ხარჯავენ და ისე კარგად იხსნებიან, რომ ხშირად სიტუაციებიდან გამოძრომას ორთაბრძოლების გარეშე ახერხებენო. ეს რა თქმა უნდა სწორია.

სიმართლე რომ ვთქვა ატლეტიკოს სათამაშო სტილი დიდად არ მომწონს, მაგრამ კონტრშეტევაზე საოცრად სწრაფად გადადიან და გარკვეული ხიბლი მათ თამაშსაც აქვს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ერთმანეთს ორი მადრიდული გრანდი დაუპირისპირდება სწორედ ატლეტიკოს ვუგულშემატკივრებ. ფეხბურთს მსოფლიოს გაოცება კიდევ შეუძლია.''

 

ნახეთ მეტი...